27 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
პიტ ბულს, რომელმაც დღეს ოთხი ადამიანი დაკბინა, ალიკაპი არ ჰქონდა - რუსთავში მომხდარის შესახებ "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

რუსთავში პიტ ბულის მიერ დაკბენილი ოთხი ახალგაზრდიდან სამი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა და პირველადი დახმარება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუწიეს.

ერთ-ერთი დაზარალებული ადგილობრივ მედიასთან ყვება, რომ ძაღლი პატრონთან ერთად ქუჩაში ალიკაპის გარეშე გადაადგილდებოდა და ის ახალგაზრდებს სრულიად მოულოდნელად დაესხა თავს. ძაღლს პატრონი გვერდით მოჰყვებოდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ უკვე გამოკითხა ინციდენტის მონაწილეები.

ეს ბოლო პერიოდში პიტ ბულის მიერ ადამიანის დაკბენის პირველი შემთხვევა არ არის. დაახლოებით ორი თვით ადრე, იმავე ტერიტორიაზე ძაღლმა 11 წლის ბავშვიც დაკბინა.

პიტ ბულის თავდასხმის მსხვერპლი გახდა სამი მოქალაქე ვარკეთილშიც. ადგილზე გამოძახებული პოლიცია იძულებული გახდა ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოეკლა. "კურიერის" არქივი ასევე ინახავს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სათვალთვალო კამერით გადაღებულ შემზარავ კადრებს. ჩანაწერში ჩანს, როგორ დაგლიჯა პიტ ბულმა 67 წლის ქალი. მას მძიმე დაზიანებები სახისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ამ შემთხვევაშიც ძაღლის ლიკვიდაცია გარდაუვალი აღმოჩნდა.

შინაური ცხოველების პოპულაციისა და მართვის წესებს კონკრეტული მუნიციპალიტეტები თავად ადგენენ, რადგან ერთიანი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ დეკორატიული ჯიშის გარდა, დაუშვებელია ძაღლების გადაადგილება შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე. გარდა ამისა, აუცილებელია მებრძოლი და აგრესიული ჯიშის ძაღლებზე პოპულაციის შეზღუდვა. 

გამკაცრდება თუ არა სანქციები ძაღლების იმ მეპატრონეების მიმართ, ვისაც შინაური ცხოველი საზოგადოების თავშეყრის ადგილზე ალიკაპის გარეშე დაჰყავს? სპეციალისტები საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხზე კონკრეტული წინადადებებით უახლოეს დღეებში მიმართავენ.

დღის ამბები