27 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ვინ და რატომ არ დაუჭირა მხარი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას - სტრასბურგში მიღებული დოკუმენტი თბილისში დღემდე ურთიერთბრალდებების მთავარი თემაა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 15-631-ე რეზოლუციაში შეტანილი შესწორება პარტიებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების მორიგ მიზეზად იქცა. "ნაციონალური მოძრაობა"  სახელისუფლებო გუნდს იმის გამო აკრიტიკებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას "ქართული ოცნების" წევრების ხმა არ აქვს. პარტიაში ფიქრობენ, რომ დოკუმენტში პატიმარ სააკაშვილის სახელი და გვარის შეტანა მმართველი ძალისთვის მიზეზი არ უნდა ყოფილიყო, რომ დოკუმენტისთვის მხარი არ დაეჭირათ.

პროვოკაციული ქმედება - ასე აფასებს მმართველი პარტია რეზოლუციის იმ შესწორებას, რომელიც სააკაშვილს უკავშირდება. "ქართული ოცნების" წევრები, ვინც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ესწრებოდნენ აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია სხდომაზე არაერთხელ გამოხატეს, თუმცა იქვე განმარტეს, რომ მათთვის პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა დოკუმენტისთვის ხმის მცემა, თუ ბრალდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი დარჩებოდა.

ევროპის საბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული შესწორება მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია ოპოზიციის ნაწილისთვის. პარტიებში არ უკვირთ, რომ მსგავსი ფორმით დოკუმენტს მხარი "ოცნებამ" არ დაუჭირა.

რეზოლუციის ტექსტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორება ბარიერი აღმოჩნდა ლევან იოსელიანისთვისაც. "მოქალაქეების" ლიდერმა დოკუმენტს ხმა მისცა, თუმცა ასამბლეას ოფიციალური განაცხადით მიმართა, რომ ის ეწინააღმდეგება რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც სააკაშვილზეა საუბარი.

ოპონენტების პოლიტიკურ ბრალდებებს სახელისუფლებო გუნდი კონკრეტული სტატისტიკით პასუხობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ასეულობით საერთაშორისო დოკუმენტს და რეზოლუციას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად მომზადდა, საქართველო, არამარტო მხარს უჭერს, არამედ პარტნიორებთან ერთად მათი თანასპონსორიცაა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია გასულ კვირას მიიღო. დოკუმენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გმობს. კრემლის რეჟიმი კი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული. რეზოლუციაში საუბარია პუტინის მოწინააღმდეგეთა დევნაზეც, ამ კონტექსტში კი ვლადიმერ კარამურზასთან ერთად შესწორების სახით ჩაიწერა მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარიც, რომელიც, უკრაინის მოქალაქედ და პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული.

დღის ამბები