27 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
"თითქოს საქართველო საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე თავს იკავებს უკრაინის მხარდაჭერისგან, ეს არის მტკნარი ტყუილი" - მიხეილ სარჯველაძე

ევროსაბჭოს რეზოლუცია კვლავ პოლიტიკური ბრალდებებისა და დაპირისპირების საგანი ხდება. საუბარია ოპოზიციის განცხადებებზე, რომლის თანახმადაც, სირცხვილია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხმა არ მისცეს და მათი მხრიდან სააკაშვილის ჩანაწერზე საუბარი მხოლოდ მიზეზია. 

ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინის მხარდამჭერია და ამას დაახლოებით 400-მდე განცხადება, პოზიცია და რეზოლუცია ადასტურებს, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის და საპარლამენტთაშორისო კავშირის მიერ გასულ კვირას მიღებული რეზოლუციები.

"გამომდინარე იქიდან, რომ 55 დეპუტატის ხმა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უმრავლესობით ყოფილიყო გასული ეს რეზოლუცია და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის სპეციფიკა ამაში მდგომარეობს, რომ იმ მომენტში მყოფი დეპუტატების უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი და არა საერთო შემადგენლობის გარკვეულმა ნაწილმა, რაც მთელი ევროსაბჭოს არსებული დეპუტაციის 10%-საც არ შეადგენს, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ეს იყო სპეციალურად შემოგდებული და ერთგვარი პროვოკაციული აქტი, რის გამოც სახალხო პარტიას და უკრაინელ დეპუტატებს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, შესაძლებლობა მიეცათ, რომ ეს აბსურდული ჩანაწერი მცირე ხმებით მიეღოთ. აღნიშნულის შემდეგ, მე დარბაზი დავტოვე, გამომდინარე იქიდან, რომ პოზიცია, რომელიც იქ მყოფმა უმრავლესობამ დააფიქსირა, აბსოლუტურად მიუღებელი იყო," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს რომ, უსამართლოა ბრალდებები, თითქოს საქართველო საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე თავს იკავებს უკრაინის მხარდაჭერისგან. 

"არ მგონია, რომ მაინც და მაინც სამართლიანი და ლოგიკური პროცედურები წარიმართა, რომლის შედეგადაც, დოკუმენტში აღმოჩნდა ისეთი რამ, რაც ბუნებრივია, მოითხოვდა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან პრინციპული დამოკიდებულების გამოვლენას. დაახლოებით 400 საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია მხარდაჭერილი საქართველოს მხრიდან, ბევრ შემთხვევაში როდესაც ინიციატორად საქართველო გვევლინება. არავითარი მიზეზი არც ერთ ოპონენტს, იმის სათქმელად, რომ თითქოს და საქართველო საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე თავს იკავებს უკრაინის მხარდაჭერისგან, ეს არის მტკნარი ტყუილი," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისი აქტის მხარდამჭერი, რომელიც იქნებ რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ.

"საქართველო იყო და იქნება ყველა მნიშვნელოვანი აქტის მხარდამჭერი, რომელიც იქნება რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ. ცხადია, როდესაც საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს, ამ შემთხვევაში ნებისმიერი საუბარი ამ ადამიანისთვის სასჯელის არიდებაზე არის დემოკრატიისა და სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპების შეურაცხყოფა. ამიტომ ცხადია მსგავსი ჩანაწერები არ იქნება ჩვენი მხრიდან გაზიარებული, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის მსჯავრდებული უმძიმეს დანაშაულებზე,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები