27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
"შესწორება არ უნდა ყოფილიყო რეალურად დამაბრკოლებელი იმის, რომ არ დაეჭირათ ამ რეზოლუციისთვის მხარი" - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას აკრიტიკებს. ხატია დეკანოიძის განცხადებით, სირცხვილია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხმა არ მისცეს და მათი მხრიდან სააკაშვილის ჩანაწერზე საუბარი მხოლოდ მიზეზია.

დეკანოიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რეზოლუციას "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ჰქონოდა. მისი თქმით, მათ რეზოლუციისთვის შეეძლოთ დაეჭირათ მხარი, თუმცა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩასწორებაზე მხარდაჭერის გვერდის ავლით. 

"ევროსაბჭოს რეგლამენტი არ სცნობს რამდენიმე წუთით ადრე შეტანილ შესწორებებს. ევროსაბჭოს რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერ შესწორებაზე მუშაობა ხდება წინა დღეებში და შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის ხდება მანამდე. თუ არ ქონდათ ესეთი ინფორმაცია, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ ეს არის მათი მხრიდან ჩავარდნილი სამუშაო. სხვა შემთხვევაში, რეზოლუციაზე მხარდაჭერის დაფიქსირება შესაძლებელია რეგლამენტით, გარდა იმ შესწორებისა, რომელიც მათ არ უნდათ. მე უფრო მეტსაც გეტყვით, ეს შესწორება არ უნდა ყოფილიყო რეალურად დამაბრკოლებელი იმის, რომ საქართველოს და მოლდოვიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე არ დაეჭირათ ამ რეზოლუციისთვის მხარი," - ამბობს ხატია დეკანოიძე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორებას არ ეთანხმებოდნენ, მხარი დაეჭირათ მხოლოდ იმ ნაწილისთვის, რომელიც პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად აცხადებს.

"რეზოლუციას და ჩანაწერს, რომელიც პირდაპირ აცხადებს პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, დღეს "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ მხარი არ უნდა დაუჭიროს. ნურავის ნუ მოატყუებს "ქართული ოცნება", პროცედურულად, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუ მაინცდამაინც არ ეთანხმებოდნენ იმ შესწორებას, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებას, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, არ დაეჭირათ მხარი ამ შესწორებისთვის, მაგრამ მხარი დაეჭირათ შესწორებისთვის, რომელიც პუტინის რეჟიმს აცხადებს ტერორისტულ რეჟიმად. სიმართლე არის მარტივი - "ქართულ ოცნებას" არ სურდა მხარი დაეჭირა პუტინის რეჟიმის ტერორისტებად გამოცხადებისთვის და ამისთვის გამოიყენეს საბაბად მიხეილ სააკაშვილის საკითხი," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი, ლევან იოსელიანი რეზოლუციისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა დაეჭირა მხარი რეზოლუციისთვის და არ დაეჭირა მხარი დამატებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რეზოლუციისთვის მხარდაჭერა, თუმცა იქ იყო ერთი მომენტი, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დამატებას, რომელიც ქართული ოცნებისთვის გასაგებია, იყო წითელი ხაზი და ამას მხარს ვერ დაუჭერდნენ. თუმცა, ვფიქრობ, მათ უნდა გაეკეთებინათ ის, რაც გავაკეთე მე, დაეჭირათ რეზოლუციისთვის მხარ და არ დაეჭირათ მხარი ამ დამატებისთვის," - ამბობს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები