მერია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს. მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას ინფორმაციით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს საკუთარი ვალდებულება ყველა ეტაპზე შესრულებული აქვს.
ექსპერტიზები და ინსპექტირება აკრედიტირებულმა კომპანიებმა და ექსპერტებმა ჩაატარეს. პროექტი კი მათი კვალიფიციური დასკვნების საფუძველზე იქნა მიღებული.
როგორც ანდრია ბასილაია აღნიშნავს, რომ ყველა ეტაპი რაც შადრევნის რეაბილიტაციამ გაიარა იყო დაექსპერტებული.
"ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი, ჩვენ შევისყიდეთ სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს პროექტირების დონეზე. როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპი ჩაბარდა დედაქალაქს. მაგალითად, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაექსპერტებული შესაბამისი მიღება-ჩაბარება, რომელსაც ხელს აწერს ქვეყანაში აკრედიტებული ექსპერტი. ასევე ჩაბარდა რამდენიმე ეტაპი და ყველა არის დაექსპერტებული, მათ შორის შადრევნის ნაწილი. თავად შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა 500 გვერდზე მეტია. ის დევს შესყიდვების საიტზე და ნებისმიერ პირს შეუძლია, ნახოს. ჩვენი სამსახური ამოწმებს, აკრედიტებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება. ასევე ამოწმებს დასკვნის შინაარსს, არის თუ არა დასკვნა დადებითი," - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
დედაქალაქის მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ პროექტთან დაკავშირებით ყველა ეტაპზე დასკვნა დადებითი იყო და სამუშაოები პროექტს შეესაბამებოდა.
"დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ყველა ეტაპზე დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება პროექტს და ეს პროექტი არის შესრულებული ქვეყანაში არსებულო ყველა სამშენებლო ნორმის დაცვით. ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ მიღება-ჩაბარების ნებართვა.
მუნიციპალიტეტს ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო. ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეეტენა აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში. მუნიციპალიტეტი არ იბარებს მაგალითად, ცალკე ელექტროობას, შადრევანს, ხდება სხვადასხვა ეტაპის ჩაბარება, რომელიც განსაზღვრულია სატენდერო შესყიდვით. შესაბამის ეტაპს მოჰყვება შესაბამისი დასკვნა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ კანონმდებლობით და მოვითხოვეთ A კატეგორიის ექსპერტის დასკვნა. შეგიძლაით, ნახოთ spa.ge-ზე და მოძებნოთ კასკადის პროექტის ტენდერი. ასევე დასკვნა, რომელიც 500 გვერდზე მეტია. იქ ყველა კომპონენტია, როგორც ქსელების, ასევე კაბელების," – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.