27 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
მარიტას საბედისწერო თამაში, სამოქალაქო გმირობა და სიცოცხლის რისკის ფასად გადარჩენილი სიცოცხლე - "კურიერი PS-მა" ყველა საბუთი შეისწავლა, რომლითაც შადრევნის კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო და დასრულდა

13 ოქტომბერი, ვაკის პარკი, 13 წლის მარიტას საბედისწერო თამაში - შადრევანში დატრიალებული ტრაგედია, სამოქალაქო გმირობა. საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადარჩენილი სხვისი სიცოცხლე.

როგორ მოხვდა დენი წყალში და რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ, ვინ აგებს პასუხს დატრიალებულ ტრაგედიაზე, სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა შადრევანში, სადაც წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ? - ახლა ყველანი მოუთმენლად ველით რას იტყვის გამოძიება.

გამოკითხულია 100-ზე მეტი ადამიანი, თუმცა პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. ვინ აგებს პასუხს ქალაქის ცენტრალურ პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე. საქართველო შეძრულია, რა მოხდა და რატომ - ამას ვერავინ ვხსნით, თუმცა ყველა ითხოვს დამნაშავეების დასჯას და უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებას. მარიტა გუშინ დაკრძალეს.

"კურიერი PS-მა" ყველა ის საბუთი შეისწავლა, რომლითაც ვაკის პარკის შადრევნის კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო და დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა დაუკვეთა და მანვე ჩაიბარა. უწყების ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ შადრევანი ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმებული და შესაბამისად, უსაფრთხო იყო.

განათება, ტუმბოები და კოლექტორები - ამ სამი კომპონენტისგან შედგება ვაკის პარკის შადრევნის ტექნიკური მოწყობილობა. კოლექტორებში დენი არ გადის. განათებას დაბალი, წყლის საქაჩ ტუმბოებს კი მაღალი ძაბვა სჭირდება. სწორედ ამიტომ არ გამორიცხავენ დენი წყალზე სწორედ ტუმბოებისგან გადასულიყო, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი აუცილებლად უნდა ემუშავა დამიწების სისტემას და ავარიული გათიშვის რელეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოსაა ჩატარებული. შადრევნის გამართულობას საექსპერტო დასკვნა ადასტურებს, თუმცა რატომ არ იმუშავა რელემ, რომელსაც ძაბვის ცვალებადობის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად უნდა გამოერთო - ეს კითხვა აქვს თბილისის მერიასაც.​

შადრევანი, რომელსაც 1 წელი არემონტებდნენ და რომელიც ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გახსნეს დღეს ასე გამოიყურება - აქ ახლა მხოლოდ ყვავილები სანთლები და სიცარიელეა.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები