თბილისში, ეროვნულ არქივში ქურაშის ოთხთავს რესტავრაცია-რეკონსტურქიის სამუშაოები უტარდება. სახარება ამ დრომდე ზემო სვანეთში იყო დაცული, მეთორმეტე საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი სხვადასხვა დროს არახელსაყრელ პირობებში ინახებოდა და შესაბამისად დაზიანდა.
სპეციალისტები ოთხთავზე 18 თვის განმავლობაში იმუშავებენ, რის შემდეგაც სრულად აღდგენილი და ტყავის ყდაში მოთავსებული ხელნაწერი მშობლიურ თემს დაუბრუნდება. ეროვნულ არქივში გასულ წელს აღადგინეს ლახამულის სახარებაც.
ზემო სვანეთის ხიბლი როგორც ბუნებრივი, ისე მატერიალური სიმდიდრეა, მათ შორისაა სოფელ ქურაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც ამ დრომდე ქურაშის ოთხთავი ინახებოდა. ხელნაწერი, რომელიც 4 სახარებას აერთიანებს მე-12 საუკუნითაა დათარიღებული. საუკუნეების განმავლობაში ის სვანეთში იყო დაცული, ძნელბედობის დროს კი არახელსაყრელ პირობებში მოხვედრილი ოთხთავი დაზიანდა. მემკვიდრეობა, რომელიც ისტორიულ, სოციალურ თუ კულტურულ წარსულზე საუბრობს ამჯერად თბილისში, ეროვნულ არქივშია და მასზე რესტავრაცია - აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხელნაწერზე ასევე არის სანთლის კვალი და ლაქები, ქურაშის ოთხთავი ამ ეტაპზე დაშლილია. უტარდება დეზინფექცია და გაწმენდასთან ერთად, სპეციალისტები ნომრავენ გვერდებს, რადგან საბოლოოდ ის თავიდან უნდა აიკინძოს, შესაბამისი მასალით კი აღდგეს დაკარგული თუ დაზიანებული ფრაგმენტები.
ოთხთავის რამდენიმე გვერდი არის პალიმფსესტი, რაც ნიშნავს, რომ ეტრატი რამდენჯერმე იყო გამოყენებული. შესაბამისად, ამჟამინდელი ტექსტი არ არის უძველესი. როგორც სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი გვიყვება ტექსტის გადაწერას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, პირველ რიგში ეტრატი ძვირადღირებული მასალა იყო და მას მრავალჯერადადაც იყენებდნენ. ტექსტის გადაწერის მიზეზი შეიძლება ღვთისმსახურების ტრადიციის ცვლილება ან ახალი თარგმანი ყოფილიყო.
ქვედა ფენა ასომთავრულით არის ნაწერი, ზედა კი ნუსხურით, თუმცა ზედა ფენაზე გარკვეული აქცენტირებული ეპიზოდები ისევ ასომთავრულით გვხვდება.
ქურაშის ოთხთავს აქვს ანდერძ-მინაწერებიც, რომლის ნაწილი შესწავლილია და ხელნაწერის მოგზაურობის შესახებ დიდ ინფორმაციას ატარებს.
ხელნაწერზე საკონსერვაციო - სარესტავრაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია 18 თვე, ქურაშის ოთხთავი აღდგენილი სახით ტყავის ყდაში მოთავსდება და ისევ მშობლიურ ადგილას, ეცერის თემში დაბრუნდება.