27 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
დაწყევლილი სახლი, რომლის ყველა მფლობელი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა - იდუმალებით მოცული ისტორია

სახლი, რომელზეც სოფელ ტყვიავში დაუჯერებელ ისტორიებს ყვებიან - ამბობენ, რომ ყველა მფლობელი, ვინც კი ამ სახლში ცხოვრობდა, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. აქ სჯერათ, რომ გასული საუკუნის 70–იან წლებში აშენებული სახლი დაწყევლილია.

ეს გამოგონილი ისტორიაა თუ რეალობა - დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდია. "კურიერის" ჟურნალისტები რამდენიმე დღის წინ სახლში შევიდნენ, ნახეს უცნაური ნივთები და იდუმალი სარდაფი, რომელიც საფლავების ძიებაში გაუთხრიათ.

იდუმალების სავსე სახლი ადამიანებმა 8 წლის წინ მიატოვეს. ბოლოს, აქ მერაბ ოქროპირიძე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. დღეს იგი იდუმალ მოვლენებს იხსენებს, რის გამოც იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა და გაქცეულიყო.

სახლში შესვლაზე 8 წლის შემდეგაც უარს ამბობს. ეზოში ადამიანზე უფრო მაღალი ბალახია და ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აქ შემოსვლა დიდი ხანია არავის გაუბედავს.

ხატი ოთახში დღემდეა, მის ქვემოთ კი ჩასასვლელია - სახლის ღია საძირკველი, რომელიც მისტიური მოვლენების ძიებაში მფლობელებმა თავად გათხარეს.

ოქროპირიძეებს ყველაზე მეტად მაშინ შეეშინდათ, როცა პატარა ბავშვმა მშობლებს უთხრა, რომ ავმა სულმა თმა შეაჭრა. ამის შემდეგ ოქროპიროძეებმა სახლი დატოვეს. დატოვეს ბავშვის ნივთებიც, რომელიც სახლში ამ დრომდე უწესრიგოდ ყრია. სახლში შემოსულებს უცნაური შეგრძნებებიც ეუფლებათ. ოთახის ცენტრში დატოვებული ფერფლი კი იმაზე მეტყველებს, რომ აქ გარკვეული რიტუალებიც ჩაუტარებიათ.

სახლს იდუმალი ისტორიები მანამდეც ჰქონდა, ვიდრე ოქროპირიძეები შესახლდებოდნენ, მაგრამ მეზობლებმა მას ყურადღება მხოლოდ ბოლო წლებში მიაქციეს. ყველა ყოფილი მეპატრონე გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულა. ტყვიავში ყვებიან, რომ ადრე აქ მარტოხელა ბერიკაცს უცხოვრია და სწორედ მას გაუჟღერებია პირველად სახლში მოძალადე სულების არსებობის შესახებ. მეზობლებს მონათხრობი ასაკისთვის დაუბრალებიათ, ახლა კი ფანტასტიკის ჟანრიდან ძველი ისტორიების უკვე სჯერათ.

ტყვიავის მისტიური სახლით ბევრი დაინტერესებულა, მაგრამ ზოგი ადგილობრივებს არ შეუშვიათ, ზოგსაც თავად ვერ გაურისკავს.

ამ სახლის საიდუმლოს ამოსახსნელად სასულიერო პირებისთვის, მეცნიერებისთვის, მჩხიბავებისთვის და ექსტრასენსებისთვისაც მიუმართავთ, მაგრამ რეალურად რა ხდება ამ დრომდე ვერავინ ამოხსნა. ამიტომ სოფელში საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ადამიანების სიმშვიდისთვის მისი მიწასთან გასწორება გადაწყვიტეს.

დღის ამბები