ვითარება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე იცვლება - შეიძლება ითქვას, რომ არსებული ვითარება კიდევ უფრო გართულდა. რუსეთი გააქტიურდა, ბოლო ერთი კვირაა ბომბავს ქალაქებს, რომლებსაც რამდენიმე თვეა არ შეხებია. ოკუპანტების სამიზნე კვლავ დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქებია. იბომბება საცხოვრებელი უბნები, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ოკუპანტები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ყირიმის ხიდი აფეთქდა.
რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ. განგაშის სიგნალის ხმა მთელ ქალაქში უკვე ხშირად ისმის. მოქალაქეები კვლავ იძულებულები არიან თავშესაფრებში ჩავიდნენ. ქალაქის მეტრო ისევ რუსული ბომბებისგან სამალავ სივრცედ იქცა. ოკუპანტები სამოქალაქო უბნებთან ერთად ბომბავენ ენერგო-ობიექტებს. ამის გამო მოსახლეობას მოუწოდებენ 17 საათიდან 23 საათამდე ელექტროენერგიის გამოყენება შეზღუდონ.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ცდილობს ცივი ზამთრით ისარგებლოს და ამიტომ ურტყამს უკრაინის ენერგოობიექტებს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პუტინი გაზით ევროპელებს დააშინებს და ისინი უკრაინელებზე ზეწოლას დაიწყებენ. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთი შეეცდება უკრაინელები გატეხოს, ოკუპანტ ქვეყანაში იმედი აქვთ, რომ უკრაინა შეწყვეტს ასეთი მასშტაბით წინააღმდეგობის გაწევას და გატეხილი უკრაინელების დამორჩილება ფრონტის ხაზზე გაადვილდება, თუმცა უკრაინა კიდევ უფრო ძლიერდება. რუსეთის გააქტიურების პარალელურად, გაიზარდა უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღება.
რაც შეეხება უკრაინის აღმოსავლეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება რთულია, თუმცა როგორც ამბობენ კონტროლირებადი, რადგან უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას, რათა რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაიბრუნონ - ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. რუსეთი ბომბავს სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის რაიონებს. ბოლო 24 საათში დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობები, ტაძრები და ელექტრო გადამცემი ხაზები. არიან დაშავებულებიც.
უკრაინა ცდილობს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და დასავლეთის მიერ გადაცემული შეიარაღებით აქტიურ კონტრშეტევაზეა გადასული. მათ შორის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ოთხ ოკუპირებულ ოლქში, სადაც რუსეთმა ფსევდორეფერენდუმი ჩაატარა. რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს კი პრეტენზიები ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ. რუსული ძალები ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ. რუსებმა ქალაქს "კამიკაძე" დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ვითარება რთულია დონეცკის ოლქში, რუსულმა ძალებმა ერთ დღეში დონეცკის ოლქის 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს და 21 საცეცხლე შეტევა განახორციელეს. განადგურდა და დაზიანდა 30 სამოქალაქო ობიექტი, მათგან 26 კერძო სახლი. აღმოსავლეთ უკრაინაში, ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ბახმუტთანაა. ბახმუტი ორ დიდ ქალაქს - სლოვიანსკსა და კრამატორსკს შორის გზაზე მდებარეობს. რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია დონბასის ცენტრალური სექტორი და შეტევითი ოპერაციები ამ ტერიტორიაზე. განსაკუთრებით კი სწორედ ბახმუტის სიახლოვეს.
ვითარება მძიმე ლუგანსკის ოლქშიც. რუსეთმა წინსვლას ყველაზე მეტად ამ ოლქში მიაღწია, რადგან დიდი ნაწილი აქვს დაკავებული, თუმცა უკრაინა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს. ოკუპირებულ ლუგანსკში არსებულ ვითარებაზე საუბრობს უკრაინული მხარე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან ახლახან ჩასულმა ჯარისკაცებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში საკუთარი სახლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსახლება დაიწყეს. როგორც უკრაინული შეიარაღებული ძალები აცხადებს, მათ ადგილას ოფიცრების განთავსება იგეგმება.
უცნობია რას გეგმავს პუტინი, თუმცა რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში მიმდინარე მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება. გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც რომ ზოგიერთი ახალწვეული უკრაინაში ფრონტის ხაზზე მცირე მომზადებითა და არაადეკვატური აღჭურვილობით გაგზავნეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომში მონაწილეობის მსურველ პირებს, უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარე ბელგოროდის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს - რუსული მხარის ინფორმაციით, 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა სროლის შედეგად ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი ტერაქტად შეაფასა და გახსნეს საპასუხო ცეცხლი.