გასულ წელს, საქართველოში 31 ქალი მოკლეს, 2020 წელს - 27, 2019 წელს კი ქვეყანაში ფემიციდის 22 შემთხვევა აღირიცხა. ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში 3 ქალი მოკლეს.
თელავში, რამდენიმე დღის წინ უმძიმესი დანაშაული მოხდა. მამაკაცმა, 26 წლის მეუღლეს შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა. თორნიკე გამხვეტელაშვილი ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა მოსამართლე რატომღაც მოძალადეს სიტყვაზე ენდო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქმის მასალები "კურიერი" P.S.-მა ექსკლუზიურად მოიპოვა.
"არ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე, ერიდება რა ოჯახში კონფლიქტს" - წერია მოსამართლე მამუკა წიკლაურის განჩინებაში.
სხდომათა დარბაზიდან სახლში წასულმა თორნიკე გამხვეტელაშვილმა კი რამდენიმე დღეში ცოლს ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა.
" ჩქარა დე... გთხოვ, ჩქარა კარი ღიაა" - ასეთია სამი შვილის დედის ბოლო სატელეფონო მესიჯი, რომელიც შველას ითხოვდა.
დაზარალებულის ოჯახი მკვლელის უმკაცრესად დასჯის გარდა, მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. აგებს თუ არა პასუხს მამუკა წიკლაური თავის გადაწყვეტილებაზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა იმსჯელოს. მანამდე კი მოკლულის 3 მცირეწლოვანი შვილი დედის გარეშე უმძიმესი ტრავმით, ბებიასთან ცხოვრებას იწყებს.