27 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
რუსეთი უკრაინას გაორმაგებული ძალებით უტევს - დასავლეთმა გეგმა დააჩქარა და თანამედროვე შეიარაღება უკრაინაში ვადაზე ადრე გაგზავნა

რუსეთი უკრაინას გაორმაგებული ძალებით უტევს - დასავლეთმა გეგმა დააჩქარა და თანამედროვე შეიარაღება უკრაინაში ვადაზე ადრე გაგზავნა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა, საჰაერო თავდაცვის სისტემებით უკრაინის დახმარების საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა. საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება მთავარი საკითხი იყო საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზეც, რომელიც ბრიუსელში ჩატარდა და რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.

უკრაინული მხარის შეფასებით, შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში გაიმართა "ისტორიული" იყო, და ეს ფაქტობრივად ნიშნავს უკრაინის ცის ჩაკეტვას. ქვეყანას უკვე გადაეცა საჰაერო თავდაცვის რამდენიმე თანამედროვე სისტემა, აქტიურად გრძელდება სხვა შეიარაღების მიწოდების პროცესიც.

რუსეთის გააქტიურების პარალელურად, გერმანიამ დააჩქარა უკრაინაში თანამედროვე ანტისაჰაერო სისტემის გაგზავნა. "აირის-თი" უკვე ადგილზეა. ეს არის ულტრათანამედროვე საზენიტო სარაკეტო სისტემა. გერმანიამ მისი წარმოება წელს დაიწყო და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნატო-ს ქვეყნებზე ადრე ის უკრაინაში ჩავიდა. ომში მყოფი სახელმწიფო გერმანიის მიერ IRIS-T-ების გადაცემას საჰაერო თავდაცვის სფეროში ახალ ეპოქად აფასებს.

"აირის-თი" საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემაა დახვეწილი და გაუმჯობესებული შესაძლებლობებით. ამ კონცეფციის საჰაერო სისტემებს საავიაციო იერიშებისგან არა მხოლოდ ცალკეული სამხედრო ობიექტების, არამედ მთელი ქალაქის დაცვა შეუძლიათ. სისტემებს რაკეტების განადგურება 40 კილომეტრის რადიუსში, 20 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლიათ. თუმცა სამხედრო ექსპერტების შეფასებით, იმისთვის რომ "აირის თი-ები" იყოს ეფექტური, გერმანიამ მათი რაოდენობა უნდა გაზარდოს.

სისტემა IRIS-T ძალიან Nasams-ის კონცეფციას ჰგავს. Nasams-ი არის ამერიკულ-ნორვეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემა. მას მოწინააღმდეგის სამიზნის განადგურება ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში შეუძლია. სისტემაში 54 რაკეტა შედის და სულ რაღაც 12 წამში 54-ვე რაკეტას ისვრის. გამოყენების მაქსიმალური მანძილი არის 50 კილომეტრი, მაქსიმალური სიმაღლე კი 25 კილომეტრამდე აღწევს. რაც შეეხება რაკეტის მაქსიმალურ სიჩქარეს - ეს არის დაახლოებით 4 900 კმ/სთ.

დიდი ბრიტანეთი კი უკრაინას გადასცემს საშუალო მანძილზე მოქმედების რაკეტებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა ამ რაკეტებს გამოიყენებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც შეერთებული შტატებისგან უნდა მიიღოს.

რუსეთის ფედერაციის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინას რამდენიმე მილიარდიანი დახმარება დასავლეთის ქვეყნებმა გაუწიეს. მოცულობით შეერთებული შტატები, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო, კანადა და გერმანია ლიდერობენ. 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ დასავლეთისგან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, საარტილერიო შეიარაღება, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, დრონები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა შეიარაღება მიიღო.

რუსეთის სარაკეტო იერიშებმა მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინისათვის გადასაცემი დახმარების მორიგი პაკეტის ვადები. დასავლეთი ამტკიცებს, რომ უკრაინას მიაწოდებენ იმდენ შეიარაღებას, რამდენიც საჭირო იქნება. თუმცა, დასავლეთის ქვეყნებს უკვე საკუთარი სამხედრო მარაგების შევსებაზეც უწევთ ფიქრი - შტატების თავდაცვის მდივანი სამხედრო მრეწველობის ძალისხმევის გაზრდაზე მიუთითებს.

დღის ამბები