27 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
"მტერი ცდილობს მთელი ფრონტის ხაზის დანაღმვას, ყველაფერს ნაღმავენ, რაზეც ხელი მიუწვდებათ - ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორი

აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის დედაქალაქში. კიევის მიმართულებით კვლავ რაკეტები გაუშვეს. პარალელურად, კიევის ცაზე გამოჩნდა ავიაციაც, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და აცნობებდა, რომ ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაცია. სარაკეტო იერიშები კიევის გარდა იყო კიდევ რამდენიმე სხვა მიმართულებით.

როგორია შედეგები და არის თუ არა მსხვერპლი - ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, რადგან უკრაინის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ნგრევის ამსახველი ვიდეომასალა არ გაავრცელონ.

კიევის გარდა კი დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღის განმავლობაში სარაკეტო იერიში მიიტანეს როგორც ივანო-ფრანკოვზე, ასევე პოლტავას ოლქზე, ნიკოპოლზე, ხმელნიცკზე და ზაპოროჟიეზე.

ამასთან, ღამის განმავლობაში 40-ჯერ დაიბომბა მიკოლაევი, სუმის ოლქზე კი ოკუპანტებმა თავდასხმა 8-ჯერ განახორციელეს. არიან დაშავებულები, თუმცა დამატებითი ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ამ დრომდე არ ვრცელდება.

რაც შეეხება ფრონტის ხაზს, ყველაზე რთული ვითარება კვლავ ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.

ცოტა ხნის წინ, დამატებით კომენტარი ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა გააკეთა. როგორც სერგეი გაიდაიმ განაცხადა, ოკუპანტები გარკვეულ ნაწილებში უკან იხევენ, თუმცა უკან დახევის დროს ისინი მთელ ტერიტორიაზე ნაღმებს ტოვებენ.

"მტერი ცდილობს მთელი ფრონტის ხაზის დანაღმვას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ცენტრალურ მაგისტრალებს, ხიდებსა და შენობებს, ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებათ - ნაღმავენ. თუმცა, ჩვენი არმია კარგად მუშაობს. მტერს უნდა ჩვენი არმიის კონტრშეტევები შეანელოს. ასევე, მტერი აქტიურად ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახლად მობილიზებული რეზერვისტები ჩამოიყვანოს. მტერი დემორალიზებულია და მძიმე ვითარებაში არიან. ჩვენი არმია მათ იარაღის საცავებსა და სამეთაურეო პუნქტებს ანადგურებს.

სიტუაცია რთულია ბახმუტის მიმართულებით, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს," - ამბობს ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი.

დღის ამბები