სპეციალური საგამოძიებო სამსახური ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია ზურაბ ხვადაგაძის საქმეზე, რომელზეც გამოძიება 3 აგვისტოს დაიწყო.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას ზურაბ ხვადაგიძის საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 3 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზურაბ ხვადაგაძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
აღნიშნულ ტელევიზიას, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე რომ მიემართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე როგორც ჩატარებულ, ასევე მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებდა, მაგრამ სამწუხაროდ სიუჟეტი ისე მომზადდა და საზოგადოებას ისე მიეწოდა ინფორმაცია, ჟურნალისტი საერთოდ არ დაინტერესებულა საქმის გამოძიების მასალებით.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ შსს თანამშრომლების მიერ მოქალაქე ზურაბ ხვადაგაძის დაკავება 2022 წლის 25 ივნისს მოხდა, არც დაკავებისას და არც მას მერე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის თავად დაზარალებულს ან მის ადვოკატს გამოძიების დაწყების მოთხოვნით არ მოუმართავს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, მომხდარი ფაქტიდან 1 თვის გასვლის შემდეგ გორის რაიონული სასამართლოდან 25 ივლისს შემოსული შეტყობინება, რის საფუძველზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, თუმცა იმის გამო რომ დაკავებულს და მის ადვოკატს საგამოძიებო ორგანოსთვის არ მოუმართავთ და გამოძიება ობიექტური მიზეზების გამო 1 თვის დაგვიანებით დაიწყო, ამ ფაქტმა შეაფერხა სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება.
სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 12 პირი, მათ შორის, ზურაბ ხვადაგაძე, მისი დედა, 6 სამართალდამცავი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი 4 სხვა პირი;
სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. დათვალიერების ფარგლებში, იდენტიფიცირებულ იქნა ოთხ სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი კერძო ობიექტიდან გამოთხოვილი იქნა და დათვალიერდა სამეთვალყურეო ვიდეოკამერების გამოძიებისთვის საინტერესო ჩანაწერები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დაგვიანებით მომართვის გამო სამ შემთხვევაში ჩანაწერების შენახვის ვადა გასული იყო, შესაბამისად ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა ვერ განხორციელდა, ვინაიდან შემთხვევიდან გასული იყო ერთი თვე.
მიღებული იქნა სასამართლოს განჩინება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-დან, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების 2022 წლის 25 ივნისის ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე. მიღებული წერილის თანახმად, ჩამწერი მოწყობილობის მყარ დისკზე აღნიშნული ვიდეოჩანაწერები არ იძებნება;
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან ამოღებულ იქნა ზურაბ ხვადაგაძის მიმართ წარმოებული სამედიცინო და სხვა სახის დოკუმენტაცია, რაზეც დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნა მოცემულ ეტაპზე მიღებული არ არის;
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა ზურაბ ხვადაგაძის კუთვნილი ის ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა მის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის დროს. ამოღებულ ტანსაცმელზე დანიშნულია ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები, რომლის პასუხებიც ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების პირველივე დღიდან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზურაბ ხვადაგაძის ადვოკატს მისცა საქმის მასალებთან წვდომის და სრულად გაცნობის საშუალება, რაც გამჭირვალე გამოძიების წარმოებისთვის სამსახურის მიერ შემუშავებულ ახალ პრაქტიკას წარმოადგენს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე აგრძელებს გამოძიებას და მისი შედეგების შესახებ ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას.
აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ ჟურნალისტის კომენტარს თითქოს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტრადიციულად ვერაფერი გამოიძია, მაშინ როდესაც სამსახური მხოლოდ რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და ამ მცირე დროში სამართალდამცავების მიერ არასათანადო მოპყრობის და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე, ექვსი თვის მონაცემებით 34 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელთა შორის იყვნენ შსს კრიმინალური პოლიციის დეტექტივ-გამომძიებლები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები, პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და სხვა სამართალდამცავები.
ხსენებულ მედიასაშუალებას კი მოვუწოდებთ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს," - წერია განცხადებაში.