27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
რა გახდა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი - გამოძიების მთავარი ფიგურანტები 30 საათიანი გამოკითხვის შემდეგ პოლიციაში დღესაც გამოჩნდნენ

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საგამოძიებო უწყებასთან დღის პირველ ნახევარში გამოჩნდა. ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის შენობაში კომენტარის გარეშე შევიდა და მას უკვე 6 საათზე მეტია კითხავენ. 

პოლიციაში მეორედ გამოჩენამდე იყო 30 საათიანი გამოკითხვა. "გრინ სერვის" ჯგუფის ხელმძღვანელმა კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მედიასთანაც ისაუბრა. მისმა განცხადებამ კი, არსებულ საქმეზე დამატებითი კითხვები გააჩინა. ამბობს, რომ მომხდარი შესაძლოა, გამიზნულ ქმედებასთან იყოს დაკავშირებული. ლაშა ფურცხვანიძე აცხადებს, რომ მისი კომპანიის მხრიდან ყველა აღებული ვალდებულება პირნათლად იყო შესრულებული.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ვისაც ვაკის პარკში ჩატარებულ სამუშაოებზე ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს, საგამოძიებო უწყებაში ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხა. ტარიელ კიკნაძეც განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყებაში ყოფნის დროს განიხილეს ვერსია შადრევნის გამიზნულად დაზიანების შესახებ. რა შეიძლება ყოფილიყო ასეთი ქმედების მიზანი, ეს ადვოკატისთვის და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უცნობია.

გამოძიების შეკითხვებს თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში სცემდა პასუხს თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსიც, გიგა გიგაშვილი, რომელმაც ობიექტი თავად ჩაიბარა და შადრევანი ექსპლუატაციაშიც ჩაუშვა. მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, არავითარი ხარვეზი ექსპერტიზის დასკვნებში არ დაფიქსირებულა.

კიდევ უფრო ადრე, სანამ გამოძიების კითხვებს საქმის ეს ფიგურანტები პასუხობდნენ, ორ დღიანი გამოძიების შედეგებზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ისაუბრა. კახა მურადაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის მოწმდება ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროცესში არსებული ყველა დოკუმენტაცია და ტარდება ექსპერტიზები.

რა გახდა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი? - მთავარი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. სამდღიანი გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 100-მდე პირი, თუმცა ჯერჯერობით არავის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 

დღის ამბები