27 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
"არც ერთ ეტაპზე, არც შადრევანს და არც კასკადს არანაირი პრობლემა არ ჰქონია ექსპლუატაციის ნაწილში" - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი

თითქმის 30 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დღეს განმეორებით მივიდა "გრინსერვის პლუსის" დირექტორი. ლაშა ფურცხვანიძე უწყებაში უკვე 4 საათზე მეტია იმყოფება.

გარდა ლაშა ფურცხვანიძისა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ჩვენებებს სხვა პირებიც აძლევენ. მათ შორის არის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი. ეს არის სამსახური, რომელმაც უშუალოდ ექსპლუატაციაში მიიღო ვაკის პარკში მდებარე შადრევანი.

როგორც გიგა გიგაშვილი მედიასთან აღნიშნავს, მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც მან ხელი მოაწერა, დგინდებოდა, რომ ტერიტორიაზე მოწყობილი ყველა სამუშაო იყო შესრულებული პროექტის შესაბამისად, არ ჰქონდა არანაირი ხარვეზი არც ფუნქციონირებაში. მისი თქმით, ვარაუდიც კი არ არსებობდა, რომ ობიექტს რაიმე პრობლემა ჰქონდა. 

"მე პირადად სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, ჩვენ, სტრუქტურულად. ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ამ ეტაპისთვის, მიწოდებულია. ამ წუთებშიც კონკრეტული ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს, რომელიც აუცილებელი იქნება გამოძიების სრულყოფილად წარმართვისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ მე პირადად, თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ ამაზე პასუხი ვაგო.

როდესაც ხელი მოვაწერე მიღება-ჩაბარების აქტს, იმ ინფორმაციით დგინდებოდა და პრაქტიკაშიც ეს გატესტილი იყო, რომ ტერიტორიაზე მოწყობილი ყველა სამუშაო იყო შესრულებული პროექტის შესაბამისად, არ ჰქონდა არანაირი ხარვეზი არც ფუნქციონირებაში და არაფერში, შესაბამისად, ამის ვარაუდიც კი არ არსებობდა, რომ პირობითად, ამ ობიექტს რაიმე პრობლემა ჰქონდა. აღნიშნული შადრევნის და კასკადის ჩართვა მოხდა სატესტო რეჟიმში და გაიტესტა მისი ფუნქციონირება, გამართულად ფუნქციონირებდა თუ არა. ისე იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩვენ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულებას ვაკისრებთ მიმწოდებელს, რომ ნებისმიერი ნაკლოვანება ან წუნი, რომელიც შეიძლება ობიექტზე ნებისმიერ მასალას შეიძლება გააჩნდეს, არის მისი პასუხისმგებლობა და ორ წლიანი გარანტიაა ამასთან დაკავშირებით და ის არის პასუხისმგებელი, რომ ნებისმიერ წუნზე და ნაკლოვანებაზე აგოს პასუხი. შესაბამისად, ეს შადრევანიც და კასკადიც რეგულარულად, პერიოდულად მოწმდებოდა და მიმდინარეობდა მასზე დაკვირვება, რომ გამართულად მუშაობდა თუ არა. შესაბამისად, არც ერთ დღეს, არც ერთ ეტაპზე არც შადრევანს და არც კასკადს არანაირი პრობლემა არ ჰქონია ექსპლუატაციის ნაწილში," - ამბობს გიგა გიგაშვილი.

 

 

 



 

დღის ამბები