ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე ფილტვის ვენტილაციის აპარატიდან მოხსნეს. ყველაზე რთული 24 საათი გადავლილია. კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც კლინიკაში შედარებით ნაკლები დაზიანებებით შევიდა, ექიმებმა უკვე სახლში გაწერეს.
ყველაზე მძიმე პირველი 24 საათიანი კრიტიკული მდგომარეობა დაძლეულია. ინფორმაცია, რომლის მოსმენასაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდა, ზუსტად დღის სამ საათზე გახდა ცნობილი - 13 წლის ლაზარესთან კომუნიკაცია ოჯახმა დღის პირველ ნახევარში შეძლო. ახლა ექიმებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუმჯობესების მოლოდინი აქვთ.
კიდევ უფრო ადრე მედიას ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესება ჯანდაცვის მინისტრმა აცნობა. ზურაბ აზარაშვილმა ვაკის პარკში დაშავებული კლინიკაში მოინახულა, მინისტრი ექიმებს და ოჯახსაც ესაუბრა.
ექიმი, რომელმაც ბავშვებს პირველი სამედიცინო დახმარება გაუწია, დღეს "ნიუ ჰოსპიტალში" მის მიერ გადარჩენილი 13 წლის ბიჭის დედას შეხვდა. მეგი ბანცაძე ტრაგედიის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა. დაინახა წყლიდან ამოყვანილი ბავშვი, რომელსაც პულსი აღარ ესინჯებოდა. პირველადი დახმარება საავადმყოფოში მიყვანამდე არასრულწლოვანს სწორედ მან გაუწია და მოზარდს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
"ნიუ ჰოსპიტალში" იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატებიც.
ავტორი: სანდრო სანაია