27 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"გაბედულობით ევროპისათვის" - ბერლინში PES-ის საიუბილეო კონგრესის გახსნას ელოდებიან 

ბერლინში სოციალ-დემოკრატიული გაერთიანების 30-ე საიუბილეო კონგრესი გაიხსნება, რომელიც დაახლოებით ერთ საათში უნდა დაიწყოს. არაერთი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად, კონგრესს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციაც ესწრება.

ღონისძიებაში მონაწილეობას ევროპის ქვეყნების მთავრობათა ლიდერები და პარტიების ხელმძღვანელები მიიღებენ, მათ შორის: გერმანიის კანცლერი, ფინეთის, ესპანეთის , შვედეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.

კონგრესის დევიზია "გაბედულობით ევროპისათვის", რომლის დროსაც PES-ის ლიდერები ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის 30 წლის გამოცდილებას შეაჯამებენ. ორ დღიანი კონგრესის მთავარი თემა იქნება რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ომი უკრაინაში. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაგეგმილი კონგრესის მნიშვნელობაზე საუბრობს.  

“ინტერესით ველოდებით ყრილობას, რომელსაც მაღალ დონეზე ესწრებიან პოლიტიკოსები. ესენი არიან პრემიერ მინისტრები, პარტიების ხელმძღვანელები, პარლამენტარები, მთავრობის წარმომადგენლები ევროპული ქვეყნებიდან და ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ შორის ამ ფორმატის გამოყენება იმისათვის, რომ ორმხრივი თანამშრომლობა გავაღრმავოთ ჩვენს პარტნიორებთან,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ კონგრესში საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლობაა, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საუბარი შეეხოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას.

"ყველა წევრი ქვეყნიდან, სადაც ხელისუფლებაში არის სოციალ-დემოკრატიული პარტია, არიან პრემიერ მინისტრები, მონაწილეობენ ასევე პარტიის ლიდერები. რა თქმა უნდა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან გვქონდეს დიალოგი და ეს ფორმატი გამოვიყენოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმების გასაცნობად და პერსპექტივაზე სასაუბროდ,“ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები