27 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
"ბოლო მომენტში მოხდა შესწორების დაინიცირება და ინიციატორთა შორის არიან ენმ-ის წარმომადგენლები" - ნიკოლოზ სამხარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი, მმართველ გუნდში კომენტარს აკეთებენ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ შესწორების დაინიცირება ბოლო მომენტში მოხდა და ინიციატორთა შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

მისივე თქმით, ჩანაწერი რომ ნაჩქარევი იყო, ამაზე თუნდაც მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის ფრჩხილებში მითითება მეტყველებს. 

"ბოლო მომენტში მოხდა შესწორების დაინიცირება და ინიციატორთა შორის არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც არიან ასევე დელეგაციის წევრები და არიან ასევე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, ამაში ახალი და გასაკვირი არაფერი არ არის. მთელმა ქვეყანამ იხილა, რომ ამ ადამიანმა საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, სხვა ყველა საქმეს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამ ფაქტის გამო ვერანაირად ვერ შერაცხავ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად. ასევე ის, რომ ნაჩქარევი იყო ეს შესწორება, იქიდანაც ჩანს, რომ ფრჩხილებში არის მითითებული სახელი და გვარი, ანუ ძირითად ტექსტშიც კი არ არის. მოკლედ, გაგრძელებაა ასე რომ ვთქვათ, იმ ძველი ევროპარლამენტის რეზოლუციისა, რომელშიც ასევე ფაქტობრივი უზუსტობები იყო დაშვებული და რის გამოც შემდეგ ხშირ შემთხვევაში ბოდიშის მოხდაც კი მოუწიათ ჩვენს პარტნიორებს," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები