27 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, საქართველოში კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგნად რჩება

"ადამიანი თუ უკრაინაში ოლიგარქად ითვლება, ის ოლიგარქია საქართველოშიც, ევროპაშიც, რუსეთშიც და ამერიკაშიც" - ასე პასუხობს "ქართული ოცნება" ოპონენტების შეცვლილ რიტორიკას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გაურკვეველია, რატომ შეიძლება პირი უკრაინაში ოლიგარქად ჩაითვალოს, საქართველოში კი არა. უმრავლესობაში უკრაინული მოდელის მიმართ ოპოზიციის კრიტიკულ დამოკიდებულებას, მათ დამფინანსებლებს უკავშირებენ. კანონმდებლების აზრით, ოპოზიციის რეალური სურვილი არა ევროპული რეკომენდაციების შესრულება, არამედ ნებისმიერი გზით, პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული დაზიანებაა.

რა განსხვავებაა ოლიგარქიის კრიტერიუმებს შორის საქართველოსა და უკრაინაში - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს იმ ოპოზიციურ ძალებში არ ისურვეს, რომლებიც თვეების წინ ხელისუფლებას უკრაინული კანონის სასწრაფოდ მიღებას სთხოვდნენ. პოლიტიკოსების აზრით, ახალი საკანონმდებლო ნორმა მათთვის მისაღები მხოლოდ კანონის პერსონიფიცირების შემთხვევაში იქნება.

კოლეგების პოზიციას არ იზიარებენ "გირჩში". პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ ქვეყანაში მსგავსი შინაარსის კანონების მიღების საჭიროება არ დგას.

ოპოზიციის ნაწილის მხრიდან უკრაინული კანონის კრიტიკას მათ ევროპელ ლობისტებს და ფინანსურ მხარდამჭერებს უკავშირებს "ხალხის ძალა". პოლიტიკურ ჯგუფში დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ როდესაც კანონმა ქვეყანაში რეალური ოლიგარქები გამაჩინა, ოპოზიციამ უკანდახევა დაიწყო.

საკანონმდებლო ნორმის ერთ პერსონაზე მორგებას სამართლებრივი აბსურდი უწოდა დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობა მზადაა ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედოს. რაც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული გამოცდილების მიხედვით მიღებაში გამოიხატება.

კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპული მითითებების საკანონმდებლო ბაზაში ასახვა წლის ბოლომდე უნდა შეძლოს.

დღის ამბები