13 წლის მარიტა მეფარიშვილი, ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი - ეს ის გოგონაა, რომელიც დღეს დილით, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა. გოგონა პარკში კლასელებთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვებს შადრევანში ბურთი გადაუვარდათ. მის ამოსატანად სამი არასრულწლოვანი წყალში შევიდა, რა დროსაც დენმა დაარტყათ. სამივე 55-ე სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა.
შადრევანში პირველად, მარიტა მეფარიშვილის თანაკლასელი ბიჭი შევიდა. სავარაუდოდ, გოგონა და კიდევ ერთი მოზარდი სწორედ მის დახმარებას ცდილობდნენ. სამივემ ელექტრო ტრავმა მიიღო,
შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სასწრაფო დახმარებამ მოზარდები "ხეჩინაშვილის" კლინიკაში გადაიყვანა. თავიდანვე განსაკუთრებით მძიმე იყო გოგონას მდგომარეობა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საავადმყოფოში რჩება ვაკის პარკში დაშავებული კიდევ ორი მოზარდი. ერთ-ერთი იაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას და მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. მეორე კი, "ხეჩინაშვილის" სახელობის საავადმყოფოდან "ნიუ ჰოსპიტალის" ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შემთხვევიდან მალევე კლინიკაში მივიდა თბილისის მერი. კახი კალაძემ მომხდარი უმძიმეს ტრაგედიად შეაფასა და თქვა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება.
როგორ აღმოჩნდნენ 55-ე სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში საგაკვეთილო პროცესის დროს, ეს "კურიერთან" სკოლის დირექტორმა განმარტა. მისი თქმით, მერვე კლასის რამდენიმე მოსწავლე დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა, რის შესახებაც სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებსაც აცნობა.
მშობლები ადასტურებენ, რომ ბავშვების სკოლაში არყოფნის შესახებ ინფორმაცია დირექტორმა მათ ნამდვილად შეატყობინა.
13 წლის მარიტა მეფარიშვილის ცხედარი, კლინიკიდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ოფიციალური დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.