27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
უკრაინის რადის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ პოდოლიაკი, ამ შემთხევაში, არ წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი რუანდაში ორმხრივი შეხვედრებით გაგრძელდა. შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად უკვე შეხვდა უკრაინის რადის პირველ ვიცე სპიკერს. მხარეებმა ამ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება და საქართველოს მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერ საკითხს, რომელმაც შესაძლოა უკრაინის მხრიდან რაიმე ეჭვები გამოიწვიოს, პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს ოფიციალურ უწყებებთან გადაამოწმებენ. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიხეილ პოდოლიაკის გუშინდელ განცხადებას, რომელიც, მისივე განმარტებით, არ უწყობს ხელს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს.

"ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, არა მხოლოდ იმ საკითხებზე, რაშიც ერთიანი პოზიციით გამოვდივართ და საკმაოდ ძლიერი პოზიციები გვაქვს საერთაშორისო არენაზე. ვისაუბრეთ მათ შორის პოდოლიაკის განცხადებაზე და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს არანაირად ხელს არ უწყობს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. პირველმა ვიცე-სპიკერმა არ იცოდა ამ განცხადების შესახებ და მან ჩვენგან შეიტყო. თუმცა განაცხადა, რომ პოდოლიაკი ამ შემთხევაში, არ წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას. გვქონდა საუბარი სანქციებზე და იმ განცხადებებზე, რომელშიც პოდოლიაკი და კიდევ რამდენიმე უკრაინელი მაღალჩინოსანი აბრალებს საქართველოს, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება. ამაზეც მათ განვუმარტეთ, რომ არანაირი დადასტურებული ფაქტი ამისა არ არის. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ თუ რაიმე ეჭვი შეეპარებათ რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით, ისინი პირდაპირ მოგვაწვდიან და ჩვენ მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები