27 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ვინ არის ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი? - საკრებულოში შეფასებები კეთდება

ვინ არის ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი? - ამ კითხვაზე პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. ვერტიკალი კი ასე გამოიყურება : ვაკის პარკში შადრევნის თითქმის 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით კომპანია "გრინსერვის პლიუს" აწარმოებდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს ბოლო ინსპექტირება 29 აგვისტოს ჩაუტარდა. აღსანიშნავია რომ "გრინსერვისს" ჰყავდა ასევე კონტრაქტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებასა და სუსტი დენებით უზრუნველყოფაზე.

ადგილზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც სიტუაციას სწავლობენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა სამართლებრივი შედეგი დადგება.

"მოხდა საშინელი ტრაგედია, რაღა თქმა უნდა ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და ოჯახს. საკრებულოს ზედამხედველობა და ყველა ის ფუნქცია-მოვალეობა საკრებულოსი იქნება თუ ამა თუ იმ სამსახურის - ხორციელდება და ამას ვამბობ, რომ გამოძიება, თუ რა მოხდა, ამას ყველაფერს გასცემს პასუხს და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, სამართლებრივად რა შედეგიც იქნება დამდგარი, შეგვიძლია ვისაუბროთ პასუხისმგებლობას," - განაცხადა ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნინო კვიტაიშვილის თქმით, კახა კალაძემ მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

"სწორედ მერიის, როგორც ინტერესში შედიოდა, ისე, ვალდებულება იყო, რომ მათ მოეკვლიათ, იყო თუ არა მზად ექსპლუატაციისთვის კონკრეტული ობიექტი. დღეს ისრების გადატანა შემსრულებელ კომპანიაზე აბსოლუტურად უადგილოა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, როგორ პიარულ ინტერესში შედიოდა გუშინ ამ შადრევნის გახსნა.

კახა კალაძე დღეს უნდა აკეთებდეს განცხადებას, რომ მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და გადადგა," - თქვა კვიტაიშვილმა.

დღის ამბები