55-ე სკოლაში განმარტავენ, რომ ვაკის პარკში მყოფი მოსწავლეების ნაწილი დილიდანვე გაკვეთილზე არ გამოცხადდა, რაზეც მშობლები საქმის კურსში ჩააყენეს.
"გარკვეული ნაწილი დღეს არ გამოცხადდა და არ იმყოფებოდა სკოლაში. დამრიგებელმა ჯგუფში დაწერა და ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს, რომ მოეკითხათ შვილები. მშობლები ინფორმირებულები იყვნენ," - აცხადებს სკოლის დირექტორი მაია აბრამიძე "კურიერთან."
ერთ-ერთი მოზარდის მშობლის განცხადებითაც, ისინი ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ მათი შვილები დღეს სკოლაში არ გამოცხადნენ.
"როგორც კი ბავშვები არ გამოცხადნენ სკოლაში, მაშინვე საერთო ჩატში მოგვწერა დამრიგებელმა. ყველანი ვიყავით ინფორმირებულები ამის შესახებ და ვცდილობდით ჩვენს შვილებთან დაკავშირებას. ზოგმა გვიპასუხა, რომ ვაკის პარკში არიან, ერთობიან და არაფერი იყო საშიში.
ბავშვებმა დარეკეს და გაგვაგებინეს მომხდარის შესახებ," - განაცხადა ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც თვითმხილველები "კურიერს" უყვებიან, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც შადრევანში ჩავარდა. თვითმხილველების თქმითვე, თავდაპირვლად შადრევანში ერთი ბავშვი ჩავიდა და გონება დაკარგა, შემდეგ კი მას ორი თანაკლასელი მიჰყვა.
შემთხვევის შედეგად, 1 მოზარდი დაიღუპა, ის 13 წლის მარიტა მეფარიშვილია, რომელიც ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო. დაშავებული 2 მოზარდი კლინიკებში აგრძელებენ მკურნალობას. ერთ-ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზე რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.