დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც ერთი მოზარდი დაიღუპა. თბილისის მერი ხეჩანიშვილის კლინიკაში იმყოფებოდა.
კალაძის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და კანონის ფარგლებში ყველა დაისჯება.
კალაძის თქმით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო "გრინ სერვისი", პროექტი კი შემოწმებული.
"უმძიმესი ფაქტია, რა თქმა უნდა, თავზარდაცემულები ვართ ყველა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია შესაბამისი უწყება. ცხადია ყველა დაისჯება, შესაბამისად, კანონის ფარგლებში.
სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო - "გრინ სერვისი", ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია შემოწმებული იყო, პროექტი დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისულები.
უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და, რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი," - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.