ცეცხლი წალენჯიხის მერის მანქანას სახლთან, გამთენიისას დაახლოებით 4 საათისთვის გაუჩნდა. კვამლი პირველად მეზობლებმა დაინახეს, თუმცა როგორ მოხდა ავტომობილის აალება, მათთვის უცნობია. სწორედ მეზობლებმა გამოიძახეს ადგილზე სახანძროც.
ეჭვები აქვს თავად მერს. გია ხარჩილავა ამტკიცებს, რომ მანქანას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. წალენჯიხის მერი შემთხვევას პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს და ფიქრობს, რომ მისი ავტომობილი განზრახ დაწვეს.
ხარჩილავამ მომხდარის საკუთარი ვერსია გამოძიებას უკვე მიაწოდა, ის დღეს სამართალდამცველების კითხვებს რამდენიმე საათი წალენჯიხის პოლიციის მთავარ სამმართველოში პასუხობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ყველა კითხვას პასუხს სწორედ გამოძიება გასცემს, რომელიც 187-ე მუხლით უკვე დაწყებულია.
შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "ლელოს" წარმომადგენლები. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ადგილი აქვს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაშინებისა და მუქარის მცდელობას.
გამოძიების სწრაფად დასრულებას ელოდება მმართველი პარტია, რომელიც ფაქტს მიუღებელს უწოდებს. "ქართული ოცნება" კავშირს პოლიტიკასა და შემთხვევას შორის გამორიცხავს.
წალენჯიხის მერის მანქანას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ავტომობილი გადაყვანილია წალენჯიხის პოლიციაში. სწორედ ექსპერტიზამ და გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა გახდა 12 ოქტომბერს გამთენიისას ცეცხლის გაჩენის მიზეზი.