27 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
დასავლეთი უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას განიხილავს - ბრიუსელში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ

დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას განიხილავენ - განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა. 

ბრიუსელში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. უნდა იმსჯელონ როგორ გააძლიერონ უკრაინა , ასევე საუბრობენ საკუთარი მარაგების შევსებაზეც.

ამ წუთებში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი, მეექვსე შეხვედრა იმართება. "რამშტაინის ფორმატში" მონაწილეობს საქართველოც.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ შთაგონებულია უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლით და დადგება უკრაინის დამცველებთან იქამდე სანამ ეს საჭირო იქნება.

"დღეს ერთად შევიკრიბეთ საერთო მიზნით - დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, ტერიტორია და ხალხი, რუსეთის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმისგან. პუტინმა ომი აირჩია, უკრაინამ კი თავის დაცვა. პუტინი უტევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. იყენებს უპასუხისმგებლო მუქარასა და რიტორიკას - მაგრამ ჩვენ ვრჩებით ერთიანები და ფოკუსირებულები. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას დღეისა და სამომავლო საჭიროებების მიხედვით.

მილიარდობით დოლარი გამოიყო უკრაინის ჰუმანიტარული თუ ფინანსური დახმარებისთვის, აშშ რჩება ამ კურსის ერთგული. ჩვენ ვაწარმოებთ და მივაწვდით უკრაინას მოწინავე სამხედრო მხარდაჭერას - უახლოესი თვეებისა და ზოგ შემთხვევაში წლების მანძილზე. ამაყები ვართ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე პრეზიდენტი ბაიდენის ლიდერობით უკრაინას გამოვუყავით 16,8 მილიარდი დოლარი. ჩვენ შთაგონებულები ვართ თავისუფლებისთვის უკრაინელების ბრძოლით. ვიდგებით უკრაინის დამცველებთან, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას," - აცხადებს ოსტინი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტი ამბობს, რომ გერმანია უკრაინას საჰაერო და საარტილერიო იარაღს მიაწვდის.

""აირის-ტეს" ტიპის ანტისარაკეტო სისტემა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინისთვის, რათა საკუთარი მოსახლეობა დაიცვან რუსეთის მიერ წარმოებული სარაკეტო თავდასხმებისგან, იმ ტერორისგან დასაცავად,რომლის სამიზნეც მოსახლეობაა. მართალია ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის ერთ სისტემაზე, თუმცა მომავალ წელს გავგზავნით 3 ასეთს, რადგან უკრაინას ახლა სასწრაფოდ ესაჭიროება საჰაერო თავდაცვითი სისტემები და არტილერია - სწორედ ამას მიაწვდის კიევს გერმანია," - განაცხადა ლამბრეხტმა.

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, კანადა უკრაინას დამატებით 15 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცეს.

"ჩვენ უკრაინას დამატებით 15 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადავცემთ. ის მოხმარდება ზამთრის აღჭურვილობის შენაძენებს. დამატებით, 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი უპილოტო საფრენი აპარატების კამერების შესაძენად. ვიცით, რომ უკრაინა ითხოვს დამატებით საარტილერიო დახმარებას, კანადა ამ მიმართულებითაც გაუწევს კიევს დახმარებას - რუსეთის გაუმართლებელი და არალეგალური ომის წინააღმდეგ," - ამბობს ანანდი.

დღის ამბები