წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა მისი ავტომობილის დაწვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ავტომობილი სრულად გამართული იყო და მას მანქანა გვიან ღამით, მისივე საცხოვრებელ სახლთან განზრახ დაუწვეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გაიგონეს ძლიერი აფეთქების ხმა, შემდეგ კი აალებული ავტომობილი დახვდათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"მანქანა იყო 100%-ით გამართული, არ ჰქონდა არავითარი პრობლემები. მით უმეტეს ელექტროობასთან მიმართებაში, მით უმეტეს როცა ის პულტზეა და გამორთულია ყველაფერი. ამიტომ, თვითაალებას ამ სურათიდან გამომდინარე, გამოვრიცხავ. აქ არის ერთი ზოლი, რომელიც დამწვარია და შესაძლოა, სწორედ ამ სურათით მოხდა ადამიანის ჩარევით ეს აქტი. ეს არის რაღაც აქტი, რომელიც ალბათ გზავნილსაც შეიცავს. ვიქრობ იმაზე, რომ წალენჯიხა არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, რომელიც ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, რომელიც ამხელს. სისტემიდან გამორჩეული გახდა და შეიძლება, ვიღაცას ძალიან გააღიზიანა." - ამბობს გია ხარჩილავა.
გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.