ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, უკრაინაში ბოლო დღეებში განხორციელებული რუსული თავდასხმები კრემლის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მიუთითებს. ნედ პრაისის თქმით, ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს - ვლადიმირ პუტინს ეკისრება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის თანახმად, შეერთებული შტატები განაგრძობს საჭირო შეიარაღებით უკრაინის მხარდაჭერას.
"გასული დღეების საშინელი დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა დონეზე დაეცა პუტინი და მისი გარემოცვა. მათი რაკეტები მოხვდა სათამაშო მოედნებს, უნივერსიტეტებს, საცხოვრებელ შენობებსა და ქალაქის გადატვირთულ ქუჩებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის სასტიკი აგრესიის ომი. ეს დარტყმები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის არსი მხოლოდ და მხოლოდ სისასტიკეა. ეს კრემლის რეჟიმის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მიუთითებს. ამ ომში ერთი აგრესორია და ეს არის რუსეთი. არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ამ ომის შეჩერება და რუსული ჯარების გაყვანა შეუძლია. ეს, რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინია," - აცხადებს ნედ პრაისი.