ომის 231-ე დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსული ძალების თავდასხმას ზაპოროჟიეს ოლქზე 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 7 მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის არის ქალაქ ორიხივის ელექტროქსელის ორი თანამშრომელი. დაბომბვის დროს ისინი ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას ცდილობდნენ.
ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზეც - ქალაქ ზაპოროჟიეში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები.
გასული ღამის განმავლობაში 13-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი, შედეგად განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ელექტროსადგური დაზიანდა რუსული ჯარების მიერ ლვოვის ოლქზე განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად. მოსახლეობას დენი ამ დრომდე არ მიეწოდება. აფეთქებების ხმა ისმოდა დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაივის ოლქებშიც.