რა მიზნით და რამდენი დახარჯა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში. ამ კითხვებზე ამერიკის ელჩისგან პასუხს "ხალხის ძალა" ითხოვს.
საზოგადოებრივი მოძრაობა ამტკიცებს, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველოში დახარჯული თანხები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ამერიკული ინტერესების რეალიზებას ხმარდებოდა. ამბობენ, რომ ამ პერიოდში საქართველოსგან არანაკლები სარგებელი თავად შტატებმაც მიიღო.
ხალხის ძალა ელოდება განმარტებებს, თუ რატომ დაიხარჯა ორჯერ მეტი თანხა საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს და რატომ საუბრობს კელი დეგნანი 6 მილიარდიან დახმარებაზე, როდესაც ეს რიცხვი მათი თქმით, თითქმის ნახევარია.
კონკრეტულად რას ხმარდებოდა წლების განმავლობაში ამერიკული თანხები? - ამას დღეს ის პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ, რომლებიც წარსულში სწორედ შტატების დაფინანსებულ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. თინა ხიდაშელმა, რომელიც წლების წინ საიას ხელმძღვანელობდა, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და სხვებსაც მოუწოდა, ღიად ისაუბრონ ამერიკული დაფინანსების სიკეთეებზე. თავდაცვის ყოფილ მინისტრი "ხალხის ძალის" განცხადებებს ანტიდასავლურს უწოდებს.
სოზარ სუბარს ყოფილი თანაგუნდელისთვის არ უპასუხია, თუმცა მის ნაცვლად თინა ხიდაშელის განცხადებას "ხალხის ძალის" სხვა წევრები გამოეხმაურნენ, რომლებიც ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი მოვლენებს ორმაგი სტანდარტით აფასებს.
ოპოზიციას, რომელთა დაფინანსებაზეც ასევე საუბრობს ხალხის ძალა, ამერიკული თანხების გამჭვირვალობაზე კითხვები არ აქვთ. თუმცა კითხვები აქვთ ამ მიმართულებით გაკეთებულ განცხადებებზე.
ის, რასაც ოპოზიცია პროპაგანდად აღიქვამს, მმართველი გუნდისთვის ლეგიტიმური კითხვებია. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ პრობლემა სწორედ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის კავშირები და მათი დაფინანსების გაუმჭვირვალობაა.