27 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
საჰაერო განგაშის მეორე დღე უკრაინაში, რუსების სამიზნე კვლავ კრიტიკული ინფრასტრუქტურაა - სამხედრო ანალიტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ რუსეთს მაღალი სიზუსტის იარაღი უთავდება

კიევის ოლქში საჰაერო განგაშის სიგნალი დღესაც ისმოდა. დილიდან უკრაინულმა თავდაცვის სისტემამ ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. ოფიციალური პირების ცნობით, ოკუპანტების სამიზნე შესაძლოა ელექტროსადგური ყოფილიყო. თავდასხმებს მომდევნო დღეებშიც ელოდებიან. რუსული არმიის ცეცხლის ქვეშ არის მიკოლაივიც.

ვინიცის ოლქში მდებარე ლადოჟინის თბოსადგურს კამიკაძე-დრონებით შეუტიეს. ადგილობრივი ხელისუფლება მიყენებული ზიანის შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს. ამ დრომდე გასაიდუმლოებულია ლვოვის ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე დარტყმის დეტალებიც. სარაკეტო თავდასხმა გრძელდება ზაპოროჟიეზეც. სამიზნე კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან ერთად სამოქალაქო ობიექტები იყო. დღესვე სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევებში 6 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.

გრძელდება უკრაინელი სამხედროების ოპერაცია დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

ხარკოვის ოლქში უსაფრთხოების სამსახურმა "ვაგნერის" დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა. აიყვანეს რამდენიმე ტყვეც. მათ შორის დივერსიული ჯგუფის მეთაური. რომელმაც თქვა რომ უკრაინელ სამხედროებთან ითანამშრომლებს.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში წინსვლაა ხერსონის მიმართულებით. საერთო ჯამში გათავისუფლებულია 1200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. მაგრამ მოსახლეობას სახლებში დაბრუნებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დანაღმულია არამხოლოდ გზები, არამედ სახლები და ავტომობილები.

დღის ამბები