პოლონეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ვარშავის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ძარცვისა და ორგანიზებული დანაშაულს ედავებიან. სამივე დაკავებულს ადგილობრივმა პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ქართველები ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ფულით სავსე სეიფის გატაცებას უჩვეულო მეთოდით ცდილობდნენ. მათ გვერდით შენობიდან გვირაბის გათხრა სცადეს, თუმცა მძარცველები დანაშაულის ჩადენის მომენტში ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა აიყვანეს. აღმოჩნდა, რომ სამივე მათგანი ადგილობრივი პოლიციის ფარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, ამ საქმის ფარგლებში ასევე დაკავებულია ორი ქალი, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ მძარცველების დაჯგუფებასთან. დაკავებულთა შესახებ დამატებით ინფორმაციას პოლონეთის საგამოძიებო ორგანო არ ახმაურებს, თუმცა "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცის ვინაობა. სამივე მათგანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდანაა.
ახლობლების ინფორმაციით, ნოშრევან კუტალია, მალხაზ ბაგათელია და ლევან ოთხოზორია პოლონეთში სამუშაოდ არიან წასული. ნათესავებსა და მეზობლებს მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.
ახლა გამოძიება არკვევს დანაშაულებრივი ჯგუფის კავშირს ძარცვის სხვა შემთხვევებთან. მათ შორის საუბარია 2020 წელს ვარშავაში დანიის მოქალაქის გაძარცვის გახმაურებულ საქმეზე, როდესაც უცხოელ მამაკაცს თავდამსხმელებმა სოლიდური თანხა გასტაცეს. არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.