27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
გიორგი ჩიქოვანი თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნ "თურქმენგაზის" ხელმძღვანელობას შეხვდა

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია, გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო კონცერნ "თურქმენგაზის" თავმჯდომარეს  ბატირ ამანოვსა და გაზის სახელმწიფო კონცერნის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის მთავარ მიზანს  ერთობლივი საქმიანობის ორგანიზება წარმოადგენდა, რაც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნის გავლით თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთში ექსპორტის  განხორციელების ხელშეწყობასა და საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის თურქმენული გაზით შესაძლო უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

განსახილველ საკითხებს შორის აგრეთვე იყო თურქმენული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაზრდილი მოცულობების ექსპორტი საქართველოში და ტრანსპორტირების ორგანიზება შავი ზღვის პორტში.   

მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება ყველა განსახილველ საკითხზე. დაიგეგმა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ჩართულობით.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დირექტორი კომერციულ საკითხებში ნიკოლოზ ფიცხელაური, დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე და უფროსი მრჩეველი, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ გოჩიტაშვილი.

დღის ამბები