ტონიც და რიტორიკაც უცვლელია. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს, თან ემუქრება, რომ მკაცრად დასჯის. მისთვის სტრატეგიული დანიშნულების ხიდის აფეთქებაში უკრაინული ხელწერა რომ ამოიკითხა, ამაზე ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს დღევანდელ და საგანგებო სხდომაზე ისაუბრა.
პუტინის ამ განცხადებამდე იყო ბომბები, რომლებიც მისმა სამხედროებმა კიევის ცენტრში ჩამოყარეს. თუმცა იქამდე, კვირა საღამოს რუსეთის ტელეარხებმა ვლადიმერ პუტინის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრის კადრები აჩვენეს. ალექსანდრ ბასტრიკინის თქმით, ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის აფეთქებასთან კავშირი ჰქონდათ არა მხოლოდ უკრაინის სპეცსამსახურებს, არამედ რუსეთისა და უცხოეთის სახელმწიფოთა მოქალაქეებს. მისი ინფორმაციით, მანქანამ, რომლითაც ყირიმის ხიდი ააფეთქეს, ბულგარეთის, საქართველოს და სომხეთის ტერიტორია გაიარა. უკვე დადგენილია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც ეს მარშრუტი დაგეგმეს.
ვლადიმერ პუტინის ბრალდებებს მალევე უპასუხეს უკრაინიდან. რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ტერორიზმში დადანაშაულებას ცინიკურად მიიჩნევს ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია. მათი შეფასებით, მხოლოდ ერთი ტერორისტული სახელმწიფოა და მისი სახელი ყველამ იცის.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხიდის დაუზიანებელ ნაწილზე მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა უკვე განახლდა. აღდგა მატარებლების მიმოსვლაც. ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს მას შემდეგ უშვებენ, რაც ისინი სრულ შემოწმებას გაივლიან.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 70 წლის იუბილედან მალევე, კრემლის მიერ საინჟინრო შედევრად წარმოჩენილი ქერჩის ხიდი აფეთქდა. როგორ დაინგრა ხიდი? - ამის შესახებ უცხოურ პრესაში რამდენიმე ვერსია დაიწერა. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ხიდზე აფეთქდა მოძრავი სატვირთო, რამაც შემდგომში გამოიწვია საწვავის შვიდი ვაგონის აალება. გამოცემა "მედუზის" ცნობით კი, ხიდზე დამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მანქანებში ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობას ამოწმებს, თუმცა სატვირთო ამ საშუალებით არ შეუმოწმებიათ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრებიც, სადაც სავარაუდოდ ჩანს მოტორიანი ნავი, რომელიც აფეთქების მომენტამდე ხიდის ქვეშ იმყოფებოდა.
აფეთქების შედეგად ყირიმის ხიდი ცეცხლის ალში გაეხვია. დაიღუპა სამი ადამიანი. ჩაინგრა ხიდის საავტომობილო ნაწილის ორი მონაკვეთი.