27 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"ღვინის დღეები საქართველოში" მეორე საფესტივალო დღეს მასპინძლობს

ძველი, ტრადიციული მეთოდებით დაწურული ღვინო, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის. ”ღვინის დღეები საქართველოში”- მეორე საფესტივალო დღეს მასპინძლობს. ქართული ყურძნიდან დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები, მეწარმეებმა გორში, შადრევნის სკვერში გამოფინეს.

ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა- გაყიდვა. კვების სივრცე და სხვადასხვა ტიპის მასტერკლასები. ფესტივალზე მისულ სტუმრებს, ღვინოსთან ერთად, არაერთი ქართული გასტრონომიული კუთხე დახვდათ.

შადრევნის სკვერი, მთელი დღის მანძილზე, მრავალფეროვანი აქტივობით იყო დატვირთული. ექსკურსიები მარნებში, უძველესი სასმისების გამოფენა. სხვადასხვა მუსიკალური ნომრები. გორში საფესტივალო დღეს ”თბილისის ბიგბენდი ” დახურავს.

ღვინის სამშობლოში, ღვინის დღეები გრძელდება. დილიდან აქტიური სამზადისი მიმდინარეობდა რაჭაშიც. ამბროლაურში, კულტურის სასახლის სკვერში, მეწარმეებმა ის ქართული ღვინოები წარადგინეს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია აღიარებული.

ღვინის კვირეულს ხვალიდან დედოფლისწყარო, ახალციხე, რაბათი და თერჯოლა უმასპინძლებს. ფესტივალი 9 ოქტომბერს დედაქალაქთან ერთად, შვიდმა რეგიონმა გახსნა. ერთ- ერთი მთავარი ლოკაცია იყო კახეთი. წინანდალში პრემიერ- მინისტრმა , დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

დიპლომატებმა საქართველოს, რთველის და ღვინის კვირეულის შესახებ, საკუთარი შთაბეჭდილები სოციალურ ქსელში გააზიარეს. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს - ამ შინაარსის პოსტები, რთველით და ქართული ღვინოთი აღფრთოვანებულმა გერმანიის,შვედეთის, ნიდერლანდების,ისრაელის, თურქეთის, დანიის ელჩება და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა გამოაქვეყნა. დიპლომატები წერენ, რომ საქართველო ღვინის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიას განაგრძობს.

დღის ამბები