თითქმის 5 თვიანი პაუზის შემდეგ, ოკუპანტებმა კიევზე იერიში მიიტანეს. პირველი რაკეტა შევჩენკოვოს რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის გზაჯვარედინზე აფეთქდა. ადგილზე რამდენიმე მშვიდობიანი დაიღუპა. დაიჭრა 50-ზე მეტი. აფეთქდა 15 ავტომობილი, დაზიანდა შენობები. პირველი სამედიცინო დახმარება დაშავებულებს მედიკოსებთან ერთად სამხედროებმა აღმოუჩინეს. პირველი აფეთქება BBC-ის ჟურნალისტის პირდაპირ ჩართვას დაემთხვა, რომელიც უკრაინის დედაქალაქიდან ახალ ამბებს გადასცემდა.
შევჩენკოვოზე იერიშიდან მალევე, ოკუპანტებმა დედაქალაქის სხვა ნაწილებიც დაბომბეს. ერთ-ერთი სამიზნე დიდი ალბათობით ე.წ. კლიჩკოს ხიდი იყო, თუმცა რაკეტა სამიზნეს რამდენიმე მეტრით აცდა.
აგრესორი ქვეყნის კიდევ ერთი სამიზნე, დედაქალაქში ბავშვთა გასართობი მოედანი, ბიზნეს ცენტრის შენობა და პარკინგიც გახდა. გავრცელებული ცნობით, დაზიანდა გერმანიის საკონსულოს ერთ-ერთი ფლიგელიც. უკრაინის დედაქალაქზე მიტანილ იერიშს დღეს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კიევზე შეტევის პარალელურად, სარაკეტო იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა დნეპრზე. აფეთქება მგზავრებით სავსე ავტობუსის წინ მოხდა. კრიტიკულად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქების დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი სიკვდილი გადაიღო.
რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ოდესა და ნიკოლაევი. ოლქები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაზიანდა სასმელი წყლის მილები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. მოქალაქეებს პროდუქტების და სასმელი წყლის მომარაგებას ურჩევენ. ვიტალი კიმის თქმით, საოკუპაციო ძალის მომდევნო ნაბიჯები არაპროგნოზირებადია.
დილის 8 საათიდან, რუსულმა არმიამ სარაკეტო იერიში ჯამში 16 ქალაქზე მიიტანა. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულია 10 და დაშავებულია 60 ადამიანი. საოკუპაციო ძალამ სხვადასხვა მოდიფიკაციის 83 რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდაცვის სისტემამ მხოლოდ 43-ის განეიტრალება მოახერხა.
თითქმის მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე ქალაქში პარალიზებული იყო მეტროპოლიტენი, სადაც ადგილობრივები თავს აფარებდნენ. ინტენსიური იერიშის მიუხედავად, მოსახლეობაში პანიკა არ იგრძნობოდა.
მიწისქვეშა გადასასვლელებში ეროვნუილ ჰიმნი შეასრულეს სკოლის მოსწავლეებმა. საჰაერო იერიშის საფრთხის გამო, მომავალ კვირამდე სასწავლო პროცესი ქვეყანაში დისტანციურად გაგრძელდება.
მანამდე, უკრაინაში მუშაობა შეაჩერა "წითელმა ჯვარმა" და მიზეზად უსაფრთხოება დაასახელა. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს განცხადებით, დახმარების ოპერაციები ინტენსიური შეტევების შეწყვეტის შემდეგ განახლდება.