27 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
8 დაღუპული, დაშავებულთა რაოდენობა 30-ს გადასცდა - უკრაინის დედაქალაქი დღეს აგრესორი რუსეთის სამიზნე გახდა

8 დაღუპული, დაშავებულთა რაოდენობა 30-ს გადასცდა. ასეთია რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგი კიევში. დღის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს. მათგან 41 საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. აფეთქებების ხმა ისმოდა ლვოვში, მიკოლაივში, დნიპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირშიც. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, ოფიციალური კიევის მიმართ მუქარები ისმოდა რუსეთის დუმაში. რომ იმ შემთხვევაში თუ აფეთქებაში უკრაინის კვალი დადასტურდებოდა, კიევს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევდა.

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს ესაუბრა G7-ის საგანგებო შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ.

კიევის ცენტრალური ნაწილი გადაკეტილია, მას სამართალდამცველები და შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში დედაქალაქის მისამართით რაკეტები ოკუპანტებს აღარ უსვრიათ, თუმცა მთავრობის წევრები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მაინც მოუწოდებენ. რამდენიმე კამიკაძე დრონი აფეთქდა კიევის შემოგარენში.

აგრესორი ძალის დილის იერიშებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჰაერო თავდასხმასთან ერთად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ქვეყანა დატოვეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

კამიკაძე-დრონები და რაკეტები საოკუპაციო ძალამ დღეს ჯამში 16 ქალაქის მისამართით გაისროლა. გამონაკლისი არც ოდესა და მიკოლაივი იყო. განადგურებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ოლქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თუმცა მაინც ურჩევს მოიმარაგონ სასმელი წყალი და პროდუქტები. რადგან ოკუპანტების შემდგომი ნაბიჯები არაპროგნოზირებადია.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რომელსაც უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს 16 ქალაქის მისამართით საოკუპაციო ძალამ 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 43 საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, მაგრამ ნაწილი სამიზნეს მაინც მოხვდა, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა, როგორც ელექტროენერგიის ისე სასმელი წყლის მომარაგების კუთხით. შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.

დღის ამბები