27 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, აშშ-მა საქართველოსგან არანაკლები ფინანსური სარგებელი მიიღო, ვიდრე საქართველომ ა​შშ-სგან - "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს.

მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მათ შეკითხვებს საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ ისევ დუმილით პასუხობს.

"საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ორიოდე კვირის წინ ჩვენმა მოძრაობამ ამერიკის ელჩს მოუწოდა, გაესაჯაროებინა ინფორმაცია საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ. თუმცა, ქალბატონმა დეგნანმა ტრადიცია არც ამ შემთხვევაში დაარღვია და ჩვენს მოწოდებას დუმილით უპასუხა. ამასთან, ცოტა ხნის წინ, ჩვენი შეკითხვების უპასუხოდ დატოვების ფონზე, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს გასული წლების მანძილზე გულუხვად ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ ქალბატონ დეგნანს ჩვენ ვთხოვეთ, პირველ რიგში, დაეზუსტებინა, რამდენი შეადგინა ამერიკის მიერ გასული 30 წლის მანძილზე საქართველოში დახარჯულმა თანხამ - 6 მილიარდი, 4,5 მილიარდი თუ 3,5 მილიარდი. ელჩი ხშირად საუბრობს 6 მილიარდზე, როდესაც მათივე ოფიციალური წყაროების მიხედვით, ამერიკამ საქართველოზე 4,5 მილიარდი დახარჯა, საიდანაც საქართველოში მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა. იმ პირობებში, როდესაც ელჩი ჩვენს შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკამ საქართველოზე, საუკეთესო შემთხვევაში, სწორედ 3,5 მილიარდი დახარჯა. აქვე იმასაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში მონაწილეობით, ამერიკამ საქართველოსგან 2,5 მილიარდი დოლარის სარგებელი მიიღო. ეს კი, იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ამერიკამ საქართველოსგან არანაკლები ფინანსური სარგებელი მიიღო, ვიდრე საქართველომ ამერიკისგან.

სამწუხაროდ, ვერც იმ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, დახარჯული 3,5 მილიარდიდან რეალურად რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენი დაბრუნდა ამერიკაში, მაგალითად, მათივე ამერიკელი თანამშრომლების მიერ აღებული მრავალათასიანი ხელფასების ან ამერიკული კომპანიების მიერ მომსახურებისთვის მიღებული მსხვილი თანხების სახით.

ვერც იმ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ.

მთლიანობაში, "ნაციონალური მოძრაობის," ანუ ამერიკული აგენტურის ხელისუფლებაში მოსაყვანად და მისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე ამერიკელებმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შედეგები იყო: ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების გაუპატიურება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, რეპრესიული მანქანის სამსახურში ჩაყენებული სასამართლო, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონოპოლიზებული მედია, ადამიანების დამახინჯებული ფსიქიკა და მრავალი სხვა მანკიერება, რომლის მძიმე დაღი ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, სამწუხაროდ, დღემდე ამჩნევია. ამ უმძიმესი ზიანის მატერიალური ღირებულება ამერიკული მხარის მიერ დახარჯულ 3,5 მილიარდზე ათჯერ და ოცჯერ მეტიც კი შეიძლება იყოს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნაციონალების ხელისუფლებაში მოყვანასა და შენარჩუნებაზე დახარჯულ 2 მილიარდს დახმარებაში რომ გვითვლიან, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად მიუღებელია.

ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ საელჩო ახლაც იგივე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს და 2013 წლიდან დახარჯული მილიარდი დოლარის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამას ხმარდება. ცნობილია, რომ 2012 წლის შემდეგ დახარჯული ფულის უდიდესი ნაწილით ის ენჯეოები დაფინანსდა, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში რევოლუციურ პროცესებში უკვე ორჯერ დაუფარავად იყვნენ ჩართული. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შედეგიც ისევ რეპრესიები, ავტორიტარიზმი და ახალი ომი იქნება, რაც ქვეყანას განადგურებას უქადის. შესაბამისად, ვერც იმას დავუშვებთ, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე დახარჯულ თანხებს დახმარება უწოდოთ.

ზოგადად, საუბარი იმაზე, რომ ქველმოქმედების გამო გვეხმარებით და ქართველი ხალხი ამ "დახმარების" გამო თქვენს მიმართ თვალდახუჭულ მადლიერებას უნდა გამოხატავდეს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ნებისმიერი საელჩო მასპინძელ სახელმწიფოში საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების რეალიზებას ესწრაფვის, რაც სრულიად ბუნებრივია და ამისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს. მით უმეტეს, ეს ეხება ისეთ დიდ სახელმწიფოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც სხვა ქვეყნებში საკუთარი გავლენის გაფართოებისკენ სწრაფვა პოლიტიკის ძირითად ხაზად აქვს ქცეული. ასეთ პირობებში, საელჩოს მთავარი ამოცანა შესაბამისი ქვეყნის რესურსებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური მოხმარებაა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ამერიკა საქველმოქმედო ორგანიზაციაა და მას საქართველოს დახმარების უანგარო სურვილი ამოძრავებს, მარტივი მანიპულაციაა და მას საქმეში ჩახედული კაცი, ბუნებრივია, არ დაიჯერებს. გასული 30 წლის მანძილზე, ამერიკა დახმარებაზე მეტად, საქართველოს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა, რაზეც დღეს უფრო დეტალურად აღარ შევჩერდებით.

უკვე დეტალურად განვმარტეთ, რომ ამერიკელების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები, სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად, საქართველოში ამერიკული ინტერესების რეალიზებას უფრო ხმარდება. თუმცა, რადგან საელჩო სიმართლეს არ ამბობს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხს სიმართლე ვუთხრათ და ყველაფრის სწორად გაანალიზების საშუალება მივცეთ. ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან, ორმხრივია და ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამასთან, მნიშვნელოვანია, ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის სარგებელი, რომელსაც ამერიკა საქართველოსგან ელის. ეჭვი გვაქვს, რომ როდესაც საელჩო „ქართული ოცნების“ პროამერიკულად განწყობილ ხელისუფლებას წლების მანძილზე ებრძოდა და ნაციონალური მოძრაობით მის ჩანაცვლებას დაჟინებით ცდილობდა, სარგებელი, რომლის მიღებაც მას საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, რათა ამ ადამიანებმა, 2004-12 წლების მსგავსად, ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭულებმა მოაწერონ ხელი.

საელჩო შედარებით გულწრფელი იქნებოდა, დახმარების ნაცვლად, თუნდაც, პარტნიორობაზე რომ გვესაუბრებოდეს. რა თქმა უნდა, ამერიკასთან ჯანსაღი პარტნიორობა ჩვენთვის მისასალმებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებთან გულწრფელი პარტნიორული ურთიერთობა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ვფიქრობთ, რომ ამგვარი პარტნიორობა გაცილებით შედეგიანი და მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის. თუმცა, როცა პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, აქაც ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს. მაგალითად, ჩვენთვის მიუღებელია, ისინი პარტნიორობაზე გვესაუბრებოდნენ, როდესაც საქართველოზე დახარჯული ფულით სასამართლო სისტემის დანგრევას ცდილობენ, პარალელური ხმის დათვლის შედეგებს აყალბებენ ან მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვენ. როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ამერიკელების სტრატეგიული ამოცანა საქართველოში - სასამართლო სისტემის დანგრევა თუ მისი დამოუკიდებლობის განმტკიცება, არჩევნების სამართლიანი შეფასება თუ ხმების პარალელური დათვლის გაყალბება, მთავრობის გაძლიერება თუ მისი გადატრიალება, სიმშვიდე თუ არეულობა, მშვიდობა თუ მეორე ფრონტი და ა.შ.

რომ შევაჯამოთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოების მიმართ მეტი გულწრფელობა გამოიჩინონ და მოხმარებას დახმარება აღარ უწოდონ. ბოლოს, როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ამ პარტნიორობის შინაარსი მკაფიოდ იყოს გარკვეული და მხარდაჭერასა და ზიანის მიყენებას შორის მკაფიო ზღვარი გაივლოს. მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება გამოიღოს პარტნიორობამ ორმხრივად სასარგებლო შედეგი," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები