ტერორისტული აქტი უწოდა ყირიმის ხიდის აფეთქებას ვლადიმერ პუტინმა და მომხდარში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრისას განაცხადა. ალექსანდრე ბასტრიკინმა აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებამდე, სატვირთო ავტომობილმა ბულგარეთის, საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და კრასნოდარის ტერიტორია გაიარა. მისივე მტკიცებით, აფეთქებაში როგორც უკრაინის სპეცსამსახურები, ასევე, რუსეთის და უცხო ქვეყნების მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
"საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები ერთ დღეზე მეტია მუშაობენ ყირიმის ხიდზე გუშინ დილით ადრე მომხდარი მოვლენის გამოძიებაზე. გამოძიების წინასწარი მონაცემები უკვე არსებობს. ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ავტორები, შემსრულებლები, შემკვეთები – უკრაინის სპეცსამსახურები არიან," - განაცხადა პუტინმა.