ღვინის სამშობლოში, ღვინის დღეები მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველწლიური ფესტივალის მიზანი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ქართული ღვინის ტრადიციების, წარმოების, შედეგების და პერსპექტივის გაცნობაა. ღონისძიებების ერთ-ერთი ეპიცენტრი დღეს კახეთის რეგიონი იყო. პირველი დღის მასპინძელი თელავია, სადაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ჩავიდა.
მთელი დღის განმავლობაში ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გამოფენილი იყო სხვადასხვა სახეობის ღვინოები. მზადდებოდა ტრადიციული კერძები, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებიც იღებდნენ.
დღესვე პრემიერმა ღვინის დღეების ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა. ელჩები ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად წინანდალში იმყოფებოდნენ. ყურძნის კრეფასთან ერთად მათ კულინარიულ მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოში რთველის ტრადიცია გააცნო და ქვეყნისთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოგვიანებით დიპლომატებმა საკუთარ შთაბეჭდილებებზე ტვიტერზე დაწერეს.
ღვინის ფესტივალის ორგანიზატორებს მასშტაბური გეგმები აქვთ თბილისშიც. ალექსანდრეს ბაღში შეიქმნა სივრცეები ღვინის მწარმოებლებისთვის. აქცენტი კეთდებოდა როგორც ღვინის უკვე ცნობილ ბრენდებზე, ასევე ახალბედა მეწარმეებზე, რომლებსაც ბაზარზე თავის დამკვიდრება სურთ. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძებიც.
ღვინის დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება მცხეთაში, სადაც დღეს განსაკუთრებული საფესტივალო გარემო შეიქმნა.
ბორჯომში კი ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 10 ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი კომპანია. მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო მასტერკლასი და სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის.
სხვა საფესტივალო სივრცეების მსგავსად არაერთ საინტერესო და უნიკალურ ღვინოს აგემოვნებდნენ ქუთაისში. ქალაქის ქუჩებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ ჩამოსხმული სხვადასხვა სახეობის ღვინო. დღის განმავლობაში გაიმართა კულინარიული მასტერკლასები, რომელშიც ცნობილი მზარეულები მონაწილეობდნენ.
ხალხმრავლობა იყო ოზურგეთშიც. საფესტივალო სივრცეში, რომელიც ქალაქის ცენტრში, სამკუთხა სკვერში განთავსდა მიმდინარეობდა ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა, პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება.
"ღვინის დღეები" განსაკუთრებული მოვლენაა ზღვისპირა ქალაქისთვის, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ჯილდო "ტურიზმის ოსკარი" გადაეცა . ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. ფესტივალის სტუმრებისთვის ჩატარდა აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასიც.
ღვინის დღეები საქართველოში 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს.