27 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ხელოვნებაზე შეყვარებული კოსმეტოლოგი, რომელმაც უნიკალური ტილოები დაკარგვას გადაარჩინა - ქეთევან იაშვილმა თელავს საჩუქრად უძვირფასესი კოლექცია დაუტოვა

"ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი" - ეს არის პროფესიით ექიმი კოსმეტოლოგის ქეთევან იაშვილის სიტყვები, რომელიც მან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ გაზეთში დაწერა.

ხელოვნებაზე შეყვარებულმა ქართველმა კოლექციონერმა საკუთარ სახლში გენიალური მხატვრების არაერთ ნამუშევარს მოუყარა თავი. ის მთელ თავის შემოსავალს ფერწერული ტილოების შეძენაში ხარჯავდა. პროფესიით კოსმეტოლოგმა ქალმა თელავს საჩუქრად ასობით მილიონ ლარად შეფასებული კოლექცია დაუტოვა.

გრიგოლ ჯაშის ტილოზე გამოსახულია ქალის პორტრეტი, რომელსაც არც შეძლებული ოჯახი ჰქონია და არც ხელოვნებათმცოდნე ყოფილა, თუმცა შეძლო ისეთი ნამუშევრების შეგროვება, რომლის დასათვალიერებლად შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში მუზეუმების რიგში ჩავდგეთ. ამბები ქეთევან იაშვილზე თელავში ყველამ იცის, თუმცა მისი სახელი დედაქალაქში, თუ საქართველოს სხვა რეგიონებში ხმამაღლა არ ისმის. პროფესიით კოსმეტოლოგი იყო, პატარა კაბინეტი ჰქონდა თბილისში და მთელი მისი დანაზოგი მხატვრობის სიყვარულში მიდიოდა.

მამის სამახსოვროდ შეძენილი "რუსეთის ჯარის მიერ აულ ღუნიბის აღებით" ქეთევან იაშვილმა კოლექციონერობა დაიწყო, ეს იყო გასული საუკუნის 30-იანი წლები. ორიგინალ ნამუშევრებს ეძებდა ყველგან, ყველასთან და ყველა ქვეყანაში, სადაც ხელი მიუწვდებოდა. ზოგიერთი ტილო განადგურებასაც გადაარჩინა, ასეთ ისტორიას ატარებს მიხაი ზიჩის ტილო "შოთა რუსთაველი თამარ დედოფალს უძღვნის ვეფხისტყაოსანს", რომელიც თავის დროზე გაჭირვებაში ჩავარდნილი თავადი ვახვახიშვილისგან ვიღაც მედუქნეს შეუძენია.

ასე გადარჩა ზიჩი, ასე გადარჩა "ლუდოვიკო მე-17 ტყვედ იაკობინელებთან", რომელსაც მაგიდის გადასაფარებლად იყენებდნენ. დაკარგვას გადაურჩა კონსტანტინ მაკოვსკის "ოჯახური პორტრეტიც", რომელიც რუსული სკოლის ნამუშევარია და მეპატრონემ დიდი ზომის გამო გაყიდა. ყველა ტილოს აღმოჩენის და შეძენის თავისი ისტორია აქვს, რომელის შესახებაც ქეთევანი ჩანაწერებს აკეთებდა. მათ შორის ყველაზე ძველი მე-17 საუკუნით თარიღდება.

ტილოების დიდი ნაწილი შეძენილია, თუმცა მათ შორის სახსოვრად გადაცემული ტილოებიც გვხვდება, უმეტესად ქართველი მხატვრების. ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის გვერდით არის ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევარი "საქართველოს მე-12 საუკუნე", რომელსაც მხატვრის მიძღვნა აქვს. 

ქეთევან იაშვილის კოლექციას 44 წელია უვლის ქეთევან ხუციშვილი, თავდაპირველად ექსკურსია მძღოლი იყო, დღეს კი ფონდის მცველია, მისთვის მუზეუმის ეს ორი დარბაზი მშობლიური სივრცე და თავშესაფარია.

კოლექციის შესახებ თელავის სტუმრებს არა მხოლოდ მუზეუმის თანამშრომლები, არამედ თელაველებიც უყვებიან. ქეთევან იაშვილმა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყოლია, კოლექცია 70-იან წლებში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მშობლიურ ქალაქს დაუტოვა, ნახატები მუზეუმს სამ ეტაპად გადასცა , დღეს კი აქ ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მათი ვალდებულებაა ამ სიმდიდრის შესახებ საქართველოს მოქალაქემ თუ უცხოელმა ტურისტმა, ყველამ იცოდეს.

კოლექცია თელავის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. აქ მხატვრობა 4 საუკუნეს და ერთი ადამიანის ცხოვრებას აერთიანებს, ადამიანის, რომელიც ელენე ახვლედიანის "ძველ თელავში" გაიზარდა, ხელოვნების სიყვარულით სხვადასხვა ქალაქში იცხოვრა და დაწერილი თუ ნაგროვები ისტორიით ისევ მშობლიურ კახეთს დაუბრუნდა.

დღის ამბები