27 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ბათუმის ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი - როგორ იხსენებს ნანგრევებში გატარებულ 11 საათს ზვიად თავდგირიძე - "კურიერი P.S." ექსკლუზივი

8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ მთელი ქვეყანა შეძრა, 11:45 წუთზე საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზო ჩამოინგრა. ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა, დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

26 მაისის ქუჩა, ნომერი 13, ეს იყო 7-სართულიანი კორპუსი 3 სადარბაზოთი, შენობა 1978 წელს აშენდა. თავდაპირველი პროექტით, საძირკველი 5 სართულზე იყო გათვლილი. მშენებლობის პროცესში პროექტი გადაკეთდა და მას მეექვსე სართული დაემატა. 2000-იან წლებში დაემატა კიდევ ერთი, მეშვიდე სართული. 43 წლის წინ აშენებული კორპუსის პირველ სართულზე, ბინის მეპატრონემ მუშები დაიქირავა, გამოძიების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების დროს მათ დაარღვიეს უსაფრთხოების წესები. საყრდენი კედლის მორღვევამ, ერთი სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია.

საფრთხე შეექმნა კორპუსის სხვა სადარბაზოებსაც, ამიტომ მისი დემონტაჟი განხორციელდა. რაც შეეხება დამნაშავეებს - პირველ სართულზე ბინის მფლობელს, ვის სახლშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამ სახლში სარემონტო სამუშაოებში ჩართულ ჰუსეინ და გიორგი სურმანიძეებს კი შეეფარდათ სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნგრევის დროს, კორპუსის პირველ სადარბაზოში 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა. ზვიად თავდგირიძე 11-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, ნანგრევებიდან უმძიმეს მდგომარეობაში ამოიყვანეს. ის "კურიერი P.S." პირველად საუბრობს 8 ოქტომბრის შესახებ. ზვიად თავდგირიძე დეტალურად აღწერს, როგორ ჩამოინგრა კორპუსი. 

ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ზვიად თავდგირიძე შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ერთი პატარა ხვრელიდან ელაპარაკებოდა... ეს ერთდროულად იყო დამხმარე რაზმთან სასაუბრო და სასუნთქი ერთადერთი საშუალება.

სამძებრო სამუშაოები თითქმის 30 საათს გაგრძელდა. მთელი საქართველოდან მობილიზებული მეხანძრე მაშველები არცერთ წუთს არ გაჩერებულან. ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა იპოვეს ბავშვის ცხედარი, რომელიც ბიძას ყავდა ჩახუტებული. ორივე ცხედარი ნანგრევებიდან გამთენიას ამოასვენეს. ბოლო გარდაცვლილი მაშველებმა 9 ოქტომბერს, 17:00 საათზე იპოვნეს და ამოასვენეს.

დღის ამბები