27 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
40 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული უცხოეთის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს - არის თუ არა ცნობილი მკვლელობის მოტივი

დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ეგვიპტის მოქალაქეს ბრალი უკვე წარედგინა. თუმცა, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა უძღვოდა წინ 40 წლამდე ქალის მკვლელობას.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ახალგაზრდა დიღომში, ფარნავაზ მეფის 35 ნომერში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწორედ ამ ბინაში იპოვეს მსხვერპლის, 40 წლის ქალის ცხედარი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები და ჭრილობები აქვს მიყენებული. იქვე დააკავეს ბრალდებულიც, რომელიც გაქცევას შეეცადა. მანამდე 112-ის ცხელ ხაზზე ბინის მესაკუთრემ დარეკა, რადგან ეგვიპტელი ახალგაზრდა არც ზარს პასუხობდა და არც კარს აღებდა.

დაკავების გარემოებები აღწერილია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაშიც, სადაც ნათქვამია, რომ როდესაც მაშველები კარის გატეხვას ცდილობდნენ, ამ დროს ბრალდებულმა კარი შიგნიდან გააღო და გაქცევას შეეცადა. 20 წლის ეგვიპტელი ახალგაზრდა ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. სასამართლო სხდომა ხვალ დილით გაიმართება. შესაძლოა ბრალდებულმა სწორედ მოსამართლის თანდასწრებით დაარღვიოს დუმილი და აღიარების შემთხვევაში მოტივზეც ისაუბროს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.

დღის ამბები