27 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა - რუსული მედია

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებისას 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

მათ შორის არიან აფეთქებული სატვირთო მანქანის გვერდით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მგზავრები. წყლიდან უკვე ამოიყვანეს ქალისა და მამაკაცის ცხედრები.

არსებული ინფორმაციით წყლის ქვეშ  არის ორი ავტომანქანა, თუმცა ამინდის გამო ავტომანქანებამდე მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ 8 ოქტომბერს დილით ცნობილი გახდა, რომ ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე სავარაუდოდ სატვირთო მანქანა აფეთქდა. იმავდროულად, „ყირიმის პარლამენტის“ ე.წ. ხელმძღვანელმა კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე გზის ზედაპირი „უკრაინელმა ვანდალებმა“ დააზიანეს.

ყირიმის ხიდზე გაჩენილი ხანძრის შესახებ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აცნობეს და მან სამთავრობო კომისიის შექმნის განკარგულება გასცა.

ყირიმის ხიდზე ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.

 "უკრაინსკაია პრავდა"  კი  ძალოვან უწყებებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას.

ყირიმის ხიდი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, რუსეთისთვის  მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს, სწორედ ამ ხიდის მეშვეობით ხდებოდა ანექსირებულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჯარისო დანაყოფების გადაყვანა, შესაბამისად, მისი აფეთქება ომის მიმდინარეობის პერიოდში ოკუპანტი რუსეთისთვის დიდი დანაკარგი იქნება.

 

დღის ამბები