ტელეფონის დამტენის გამო დაწყებული დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის - ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა საქმე სკოლის მიმდებარედ გაარჩიეს. მშობლები ირწმუნებიან, რომ კონფლიქტი კლასელებს შორის გაკვეთილზე დაიწყო. ხელჩართულ ჩხუბში 25-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
ნაცემია 17 წლის მოზარდი, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. მოზარდს ყბა აქვს მოტეხილი, ცხვირი – ჩამტვრეული და აღენიშნება ტვინის შერყევა. ინციდენტში მონაწილე პირები და ყველა, ვისაც ჩხუბის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ.
"კურიერი" დღეს იმ სკოლაში იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირებაში მონაწილე არასრულწლოვნები სწავლობენ.
ნაცემი მოსწავლის დედა დარწმუნებულია, რომ ინციდენტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას იმ მასწავლებელს აკისრებს, ვის გაკვეთილზეც ბავშვებმა სატენის გამო იკამათეს.
მშობლის ბრალდებები უსაფუძვლოა ადრესატისთვის. ინგლისური ენის პედაგოგი ირწმუნება, რომ მოსწავლეებს შორის გაკვეთილზე მხოლოდ უმნიშვნელო კამათი მოხდა, რომელიც მალევე შეწყდა. მასწავლებელს ეჭვი არ გასჩენია, რომ მეთორმეტე კლასელები საქმის გარჩევას კლასის გარეთაც განაგრძობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქმე ძალადობის მუხლით აღძრეს.