27 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება და ქართული დელეგაციის ვიზიტი პრაღაში - ჩეხეთის დედაქალაქმა ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტს უმასპინძლა

"მშვიდობა და უსაფრთხოება" - იმ თემატური პანელის მთავარი სადისკუსიო საკითხი იყო, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას ესტონელ კოლეგასთან ერთად გაუძღვა. დისკუსიას ევროპული პოლიტიკური გაერთიანების არაერთი ქვეყნის ლიდერიც დაესწრო, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდორანი და საფრანგეთის პირველი პირი ემანუელ მაკრონი.

თემატურ პანელზე ლიდერებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, ამ კონტექსტში კი აქცენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პლატფორმაში მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის დადასტურებაა.

სამიტში მონაწილეობის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სტრუქტურების ლიდერებსაც შეხვდა. ევროკომისიის პრეზიდენტი ერთ-ერთი იყო ორმხრივი შეხვედრების ფორმატში. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი საქართველოს ერთგული რჩება.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოს დახმარებას ევროპულ გზაზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრას "ტვიტერზე" გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტს ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობასა და ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ესაუბრა.

ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და მის გავლენაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში.

ევროკომისიის პრეზიდენტი ერთადერთი ევროპელი ლიდერი არ ყოფილა, ვისთანაც მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა. ოფიციალურის გარდა, იყო არაფორმალური აუდიენციებიც. "კურიერის" ინფორმაციით, სწორედ არაფორმალურ გარემოში შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ საუბარი. მოგვიანებით ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ამ შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე გამახვილდა.

ოფიციალური და არაფორმალურ გარემოში ორმხრივ შეხვედრებამდე და ასევე თემატური პანელის თანათავმჯდომარეობამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებაში მიიღო. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა და პარტნიორი 17 სახელმწიფო - ჩეხეთის დედაქალაქში გუშინ პირველი სამიტის ჩასატარებლად შეიკრიბა.

"ევროპა ხელახლა ყალიბდება" - ამ სათაურით გამოაქვეყნა შვეიცარულმა საინფორმაციო სააგენტომ სტატია. "სვისკომის" მიერ მომზადებულ მასალას, ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრის ამსახველი ფოტო ახლავს თან. სტატიის ავტორი წერს, რომ ევროპის 44 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შესაქმნელად შეიკრიბნენ. დამფუძნებელ ღონისძიებაზე ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებიც იყვნენ წარმოდგენილნი, ისეთი ქვეყნები როგორებიცაა უკრაინა, თურქეთი და საქართველო.

ავტორის თქმით, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. მასში ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები: უკრაინა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველოც არიან ჩართულები. "სვისკომის" სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ შექმნილი რეალობა განსხვავებულია იმ სცენარისგან, რაც პუტინმა დაგეგმა: საერთაშორისო სამართლის დარღვევით უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ის, რომ ევროპის სახელმწიფოები კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. რუსეთი და ბელორუსი შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.

დღის ამბები