"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებიდან ვიგებთ რომ მაკა ფოფხაძე, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსურ დეპარტამენტში 10 წელი მუშაობდა ფულს სტუდენტებს პარავდა. ახალგაზრდა ქალს სხვადასხვა ოდენობის თანხა სასწავლო დაწესებულების ბიუჯეტიდან ოთხი წლის განმავლობაში ისე გაჰქონდა, რომ ამის შესახებ ვერავინ იგებდა. დანაშაულის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.
იოლად გამდიდრების გეგმას მინიმუმ ორი მოქმედი პირი ჰყავს. მაკა ფოფხაძე მეგობარს წინასწარ მოელაპარაკა, დუმილისთვის სამი ათასი ლარი გადაუხადა, შემდეგ კი, თანხის მითვისება დაიწყო. ამ გზით სალომე საჯაიას ანგარიშზე სულ 165 000 ლარი ჩაირიცხა. თაღლითური სქემის განხორციელების პერიოდი 2017-2021 წლებია.
ბიუჯეტში არსებული დისბალანსი პირველად უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტმა აღმოაჩინა. საკითხის შესასწავლად პროცესში ჯერ შიდა აუდიტი ჩაერთო, შემდეგ კი სახელმწიფო. სისტემატური დანაშაულის გამოვლენის შემდეგ აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიმართა.
დანაშაულის შესახებ იციან, თუმცა ამ თემაზე მედიასთან საუბარი არ სურთ დაკავებულის კოლეგებს. მათ მომხდარზე კამერებთან საუბარი უჭირთ. ზოგიერთი კი, 10 წლიანი თანამშრომლობის მიუხედავად მაკა ფოფხაძეს ვერც კი იხსენებს.
სალომე საჯაიას დიდი ოდენობით თანხის მითვისებასთან ერთად კრედიტის უკანონოდ მიღებასაც ედავებიან. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ბუღალტერის მეგობარმა ერთ-ერთი კომერციული ბანკისგან, მათი მოტყუების გზით 105 000 ლარის კრედიტი მიიღო.
დაკავებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. ორივე მათგანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. "კურიერმა" გაარკვია, რომ დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ და პროკურატურასთანაც თანამშრომლობენ.
არ არის გამორიცხული როგორც დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირთა წრე, ისე მოპარული თანხის რაოდენობა გაიზარდოს. გამოძიების პროცესი, მათ შორის უნივერსიტეტის ბიუჯეტში არსებული უზუსტობის შესწავლის კუთხით ჯერ კიდევ გრძელდება.