27 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი - ევროპისა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები საერთო პრობლემების დაძლევის გზებზე მსჯელობენ

ევროპის ლიდერები პრაღაში შეიკრიბნენ. ჩეხეთში წარმოდგენილი არიან დასავლეთის პარტნიორები, მათ შორის საქართველო.

ამ წუთებში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იმართება. პლენარული სესია მასპინძლის სიტყვით გაიხსნა. ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა ევროპის პირველ გამოწვევად რუსეთი და პუტინის ომი დაასახელა. სხდომა დახურულია. საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი ორგანიზაციის მიზანია, ევროპამ და პარტნიორებმა ერთობლივად გადადგან ნაბიჯები საერთო პრობლემების გადასაჭრელად. 44 ქვეყნის ლიდერი ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით გამართავს შეხვედრებს.

როგორც ჩეხეთის პრემიერ მინისტრი პეტრ ფიალა აცხადებს, დღეს პრაღაში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ რა არის საჭირო ევროპაში მშვიდობის აღსადგენად. ჩეხეთის პრემიერის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს. ამავდროულად პეტრ ფიალამ ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინას ევროპის მუდმივი დახმარება სჭირდება.

"ევროპას ახლა ბევრი რთული პრობლემა აქვს. რუსეთი აგრძელებს უსამართლო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინი უბრალოდ არ არის ღია მოლაპარაკებებისთვის. მისი ერთადერთი მიზანი მიწის დაპყრობაა. რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბინძური ხრიკი იყო. საერთაშორისო საზოგადოება ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს. ბევრ თქვენგანს აქვს მსგავსი გამოცდილება თქვენი ქვეყნების ისტორიაში. საბოლოოდ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რადგან სიმართლე მათ მხარეზეა. იმავდროულად, უკრაინას სჭირდება ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა.

რის მიღწევას ვცდილობთ? ჩვენ გვსურს, ეს ჯგუფი იყოს, როგორც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე აზრთა არაფორმალური გაცვლის ფორუმი. არის ბევრი პრობლემა - ინფლაცია და მაღალი ენერგო-ფასები. ჩვენი დამოკიდებულება იმპორტირებულ რესურსებზე, საფრთხეს უქმნის ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. მთელი ევროპა დღეს პრაღაში იკრიბება, რათა განიხილოს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად მშვიდობის აღსადგენად," - განაცხადა პეტრ ფიალამ.

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხს შეეხო. გიტანას ნაუსედამ პრაღაში შეკრების მიზანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის აგრესიის დასაგმობად და უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად ევროპის ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვანია.

"ევროკომისიისგან თქვენ უკვე მიღებული გაქვთ ძალიან პოზიტიური გზავნილი.ახალ ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენი დავალება უნდა შეასრულოთ. ჩვენ ენთუზიაზმით ვეკიდებით, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი, როგორც კი ქვეყნები მიღებულ რეკომენდაციებს შეასრულებენ. ვიმედოვნებ ეს მალე მოხდება.

ჩვენი მიზანია საერთო პოზიციის მოძებნა, რომ დავგმოთ პუტინის აგრესია უკრაინაში. ასევე ვიყოთ უკრაინის მიმართ სოლიდარული.დავუჭიროთ მხარი პოლიტიკურად სამხედრო თუ ფინანსური კუთხით," - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

ლატვიის პრემიერ- მინისტრის კრიშიანის კარინისის თქმით, რუსეთის ომი აზიანებს მთელ ევროპას, გამოსავალი კი პრობლემების ერთობლივად დაძლევაშია.

"ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავძლიოთ გამოწვევები. საუბარია ენერგო კრიზისზე, იმისთვის რომ მოხდეს ჩვენი მოსახლეობისთვის ფასების დაწევა.

ჩვენ გვსურს რუსეთის სრული სანქცირება. სანქციები უფრო და უფრო მკაცრდება. იმედი მაქვს, რომ ეს რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზიანებს. რუსეთის ომი ყველა გვაზიანებს. ერთადერთი გამოსავალი კი წარმოქმნილი პრობლემების ერთობლივად დაძლევაა," - განაცხადა კრიშიანის კარინისმა.

დღის ამბები