27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ინფლაცია, ეკონომიკური პარამეტრები, სოციალური ფონი და მიგრაციის პრობლემა - ლევან დავითაშვილმა დღეს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

ლევან დავითაშვილს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. ინფლაცია, ეკონომიკური პარამეტრები, სოციალური ფონი, მიგრაციის პრობლემა, რუსეთის საქნციების შესრულება და ენერგო დამოუკიდებლობა- ეს სწორედ ის თემებია, რომელზედაც ეკონომიკის მინისტრს დღეს პასუხის გაცემა მოუწია.

ეკონომიკის მინისტრს კითხვით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მიმართა. 

ნაცვლიშვილის კითხვა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და ქვეყნიდან ხალხის გადინების პროცესს ეხებოდა. 

"ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს, აი ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს მოქალაქეებმა როდის უნდა იგრძნონ?! ასე კარგად, რომ იყოს ქვეყანაში მდგომარეობა რასაც ახლა თქვენ გვიყვებოდით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც საქართველოდან გარბის, კი არ მიდის გარბის ოჯახებიანად. ასე კარგად, რომ იყოს საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა საქართველოს საგარეო ვალი,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

ოპონენტის კითხვის საპასუხოდ ლევან დავითაშვილმა საქსტატის მონაცემები მოიშველია და განმარტა, რომ ქვეყნიდან ხალხის გადინების რაოდენობით სპეკულირება ოპოზიციის ხელწერაა და ფაქტს სიცრუე უწოდა. მინისტრი შეეხო საგარეო ვალსაც და აღნიშნა, რომ წლის ბოლოსათვის წარმოდგენილი ბიუჯეტის შესაბამისად საგარეო ვალი 40%-ს ჩამოსცდება.

"ოპოზიციას ხშირ შემთხვევაში აღიზიანებს, როდესაც ჩვენ  რიცხვებით ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ სტატისტიკაზე. ტენდენცია გვაქვს დადებითი, 2012 წლიდან დღემდე უფრო ნაკლები ადამიანი გადის საქართველოდან ვიდრე გადიოდა მაშინ. რეალურად ადამიანები, როდის გარბოდნენ ქვეყნიდან და როდის ბრუნდებიან, ეს საქსტატის მონაცემებში ჩანს. აბსოლუტური სიცრუეა, რომ საქართველოდან ხალხის გადინება ისტორიულ მაქსიმუმზეა და  უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ საქართველოს, ეს არის ცრუ ნარატივი, რომელსაც ცდილობს ოპოზიცია, რომ პოპულარიზაცია გაუკეთოს. წლის ბოლოსათვის წარმოდგენილი ბიუჯეტის შესაბამისად საგარეო ვალი 40%-ს ჩამოსცდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი მონაცემი საქართველოს ისტორიაში და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად ჯანსაღი და მდგრადია მაკროეკონომიკური თვალსაზრისით,"-აცხადებს ლევან დავითაშვილი

ამასთან, მინისტრის საათის ფორმატში დავითაშვილს სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმაც მიმართეს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას კითხვა რუსულ გაზს და ენერგო უსაფრთხოების პოლიტიკას შეეხებოდა. 

"წლებია ენერგო უსაფრთხოების არც პოლიტიკა და არც სტრატეგია არ გვაქვს და მეტიც სამოქმედო გეგმაც კი არ არის დასრულებული. ამ ვითარებაში მაქვს შემდეგი კითხვა, როდესაც რუსული გაზის ექსპორტი იზრდება სტატისტიკას თუ ვნახავთ, მოცემულ ვითარებაში რა გეგმა გაქვთ, რომ ეს არ მოხდეს. მაშინ, როდესაც დასავლეთი ამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას,"-ამბობს აქუბარდია. 

რუსული გაზის იმპორტი 7% არ აღემატება ამ სიტყვებით დაიწყო ეკონომიკის მინისტრმა ოპონენტის კითხვაზე პასუხის გაცემა. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით განმარტა, რომ საქართველო ახლა გაცილებით მეტ გაზს მოიხმარს ვიდრე წინა წლებში მოიხმარდა, ამიტომ მნიშვნელოვანია ალტერნატიული გზების ძიება. 

"რუსული გაზის იმპორტი 7% არ აღემატება. შესაბამისად დამოკიდებულება არ არის დიდი. აქ გვესმის, რომ იმ შემთხვევაში თუ შეძლებს ჩვენი მთავარი პარტნიორი გაზის მოწოდებას და აზერბაიჯანი გაზრდის, იმიტომ, რომ ეს არის დაკავშირებული გეოგრაფიასთან, ტექნიკურ შესაძლებლობასთან ორივე მხარის, მათ შორის ინვესტიციებთან აზერბაიჯანში. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მზარდია მოხმარება და საქართველო უფრო მეტ გაზს მოიხმარს ვიდრე წინა წელს და ყოველ წელს ეკონომიკური ზრდის პარალელურად ეს მოთხოვნა გაიზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა უნდა შევავსოთ და ამ შემთხვევაში ალტერნატივები ძალიან მნიშვნელოვანია,"-განაცხადა დავითაშვილმა. 

 

 

დღის ამბები