ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი - ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებაზე გაკეთდა.
"ამ რაუნდზე განსაკუთრებით ხაზგასმული იყო როგორც პარტნიორების, ასევე ჩვენი მხრიდან 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობა და ხაზგასმული იყო ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ამ მნიშვნელოვან დოკუმენტთან. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების გარემო, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და რა თქმა უნდა დევნილთა დაბრუნების საკითხი," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ.
რაუნდის ჩატარება 9-თვიანი პაუზის შემდეგ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების, ასევე აშშ-ს აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა. მოლაპარაკებებს ამერიკის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელის სტატუსით პირველად დაესწრო სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, ფილიპ რიკერი.
"ეს სტატუსი გულისხმობს ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობას, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ, ჩვენი ძლიერი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საჭიროა 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაცია და რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ჰუმანიტარული საკითხებით, ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ ფოკუსირებას. როგორც ყოველთვის ვამბობ, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, გეოგრაფია მნიშვნელოვანია და ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა მშვიდობისთვის," – ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი.
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ამბობს, რომ შეხვედრამ სასარგებლოდ ჩაიარა, თუმცა შეხვედრის ყველა მონაწილე მოწოდებულია ჟენევის ფორმატში მუშაობა გაგრძელდეს.
"შეხვედრა სასარგებლო იყო და ყველა მოწოდებულია გააგრძელოს ჟენევის ფორმატში მუშაობა. რა თქმა უნდა ეს არ ჩატარდა ნორმალურ კონტექსტში, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით გეოპოლიტიკური სიტუაცია. მაგრამ ყველა, მათ შორის მონაწილეებიც ფიქრობდნენ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი. მოხარული ვარ ყველა მონაწილეთი, რადგან ამ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რეალური გადაწყვეტილებები სჭირდება," - ამბობს ის.